logo
ENG



ექიმი: შეიძლება სააკაშვილის მდგომარეობა ისე დამძიმდეს, რეანომობილმა ვერც მიუსწროს

26 ოქტ 202118:39
3 წუთის საკითხავი
 
ექიმი: შეიძლება სააკაშვილის მდგომარეობა ისე დამძიმდეს, რეანომობილმა ვერც მიუსწროს

ეკატერინე მხეიძე - ექიმი, რომელიც 2018 წლის აპრილიდან ჰოლანდიაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, ამბობს, რომ მდგომარეობა ძალიან საშიშია და აუცილებელია, ექსპრეზიდენტი გადაიყვანონ ისეთ კლინიკაში, სადაც მის მდგომარეობას 24 საათის განმავლობაში დააკვირდებიან. 

"არ არის მიღებული პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ საჯაროდ საუბარი, მაგრამ როცა ასეთი ექსტრემალური და ძალიან, ძალიან საშიში მდგომარეობაა, ჩემს თავს მივცემ უფლებას, ვილაპარაკო. 

მას ჰქონდა თანდაყოლილი დაავადებები, რომლებიც შეიძლება დაავადებად არც ჩაითვალოს, თუ ადამიანი ნორმალურად იკვებება, თანდაყოლილი პათოლოგიები, რომლებიც ნორმალურ პირობებში არ წარმოადგენს საშიშროებას. მაგრამ 26-დღიანი შიმშილობის შემდეგ ქმნის ძალიან დიდ რისკს". - ამბობს ეკატერინე მხეიძე. 

მისი განცხადებით, შიმშილობის გამო სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდეს და მისი პათოლოგიები ისეთი დამძიმებული ფორმით განვითარდეს, რომ "ადამიანმა ვერ მიუსწროს, რათა რეანომობილით გადაიყვანონ". 

"ამიტომ, მე კატეგორიულად მოვუწოდებ ციხის ადმინისტრაციას, ჯანდაცვის სამინისტროს - მიიღეთ ეს, როგოც საგანგაშო გაფრთხილება, რომ ბატონი მიხეილი ასეთ მდგომარეობაში უკვე უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ. 

კატეგორიულად მოვითხოვ და გაფრთხილებთ - ეს ისეთი ზღვარია, რომელიც მეტ მოცდას აღარ ექვემდებარება. ეს შეიძლება ყოველ წამს მოხდეს და ამის მერე რეანომობილი რომ მოვა და მას სადღაც გადაიყვანს, გზაშიც კი შეიძლება უკუქცევადი პროცესები განვითარდეს. 

გაფრთხილებთ, ეს ისეთი საშიში რისკია - გთხოვთ, ბატონი მიხეილი გადაიყვანოთ ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება 24-საათიანი დაკვირვების საშუალება". - ამბობს ეკატერინე მხეიძე. 

კიდევ ერთმა ექიმმა, რომელმაც, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ბრიფინგი დღეს კოლეგებთან ერთად გამართა, თქვა, რომ შიმშილობის გამო დარღვეულია მჟავა-ტუტოვანი ბალანსი, რაც საშიშია. 

მისივე თქმით, სახიფათოა, რომ ექსპრეზიდენტს უკვე ორჯერ დაემართა შეტევა და მდგომარეობა გადასხმით დასტაბილურდა - მესამე შემთხვევაში შესაძლოა სააკაშვილმა სიარული ვერ შეძლოს. 

"რეანიმაციულ ღონისძიებამდე მისვლა იქნება კატასტროფა - დიდი ალბათობით, ის იქნება წარუმატებელი. ეს არ ნიშნავს მხოლოდ ბიოლოგიურ სიკვდილს - შესაძლოა, მივიღოთ სოციალური სიკვდილიც, ანუ თავის ტვინის სიკვდილი". - თქვა მან. 

მიხეილ სააკაშვილის 26-ე დღეა ციხეში შიმშილობს. 

მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საჭიროებაზე ლაპარაკობენ ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებისგან შემდგარი კონსილუმის წევრები და სააკაშვილის პირადი ექიმი. 

ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაშ გადაყვანა გამორიცხულია და რომ მას მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. 


close დახურვა