ე.წ. კასრების კადრები, რომლებზეც არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტები იყო ასახული, სოციალურ ქსელში ისევ გამოჩნდა - კადრები დედაქალაქის მერის, კახი კალაძის მხარდასაჭერ ჯგუფში პაპუნა არევაძემ გააზიარა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო ჟურნალისტიკის პლატფორმამ „გხედავ“ მოიძია. კადრებში არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებია ასახული.
„ფეისიბუკზე არსებობს კახი კალაძის მხარდამჭერი ჯგუფი და კიდევ რამდენიმე პროსახელისუფლებო ჯგუფი, რომელიც ძალიან აქტიურია. ერთ-ერთ ჯგუფში ამოაგდო ვინმე პაბს ჯორჯიას დაწერილი პოსტი, რაც იყო რუსულ საიტზე ატვირთული ლინკი, რაზეც კასრების კადრები იყო, ერთ-ერთი იმ კადრებიდან, რომელზეც 2013 წელს გვითხრეს, რომ გაანადგურეს, გადავედი ამ ადამიანის ფეისბუკის პროფილზე და აღმოჩნდა, რომ ეს პიროვნება არის პაპუნა არევაძე, შპს გუდვების ერთ-ერთი მეწილე. ეს ადამიანი არის ქართული ოცნების მხარდამჭერი“,-აცხადებს, სამოქალაქო ჟურნალისტიკის „გხედავ“ წარმომადგენელი.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი აღნიშნულ კადრებს წინასაარჩევნოდ იყენებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის, თქმით „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია არანაირი რესურსი, რითიც ის არჩევნების მოგებას შეძლებს.
„რეალურად არ არსებობს მექანიზმი და არ არსებობს პოლიტექნოლოგიები, თუნდაც ესეთი სიბინძურის გავრცელება, რომელიც დაეხმარება მომავალ არჩევნებში ქართულ ოცნებას. პირიქით დაკვირვებით და ადამიანების განწყობით ეს ყველაფერი იწვევს გაღიზიანებას, რომ ერთადერთი რაც შეიძლება ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს ხელში ეს არის მსგავსი ძალადობრივი მექანიზმები“,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, გიორგი გუგავას, განცხადებით მსგავსი მასალის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება დანაშაულია და ამაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პასუხი უნდა აგონ.
„სამწუხაროდ მათი სამარკო ნიშნად იქცა ამ სიბინძურის გავრცელებაც, ეს რამდენჯერმე გააკეთეს და როგორც ჩანს კვლავ აპირებენ ისინი არჩევნებისათვის ამ სიბინძურის გამოყენებას. როდესაც ამ მასალებს იყენებ პოლიტიკური მიზნებისთვის ეს წარმოუდგენელი დანაშაულია და ამისთვის პასუხისგებაში არიან მისაცემები“,-განაცხადა გიორგი გუგავამ.
მმართველი გუნდი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, „ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით ოპოზიციის მხრიდან კადრების გავრცელებაზე საუბარი უხერხულია.
„კადრებზე ოპოზიცია რომ ლაპარაკობს უხერხულია, წარმოდგენა არ მაქვს, იყო რაღაც სერიოზული ეჭვები გავრცელებაზეც კი. გადაღებული ვისიც არის, ის ხალხი ამაზე რომ ლაპარაკობს ცოტა უხერხულია“,-განაცხდა მამუკა მდინარაძემ.