logo
ENG



ვანში ქართული ოცნების კანდიდატის წარდგენას ამჯერად მიტროპოლიტი ანტონი დაესწრო

19 სექ 202015:55
3 წუთის საკითხავი
clock 1966
5nfbsj75hw71wl1.jpg

ვანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი დაესწრო. 

ფოტოს, სადაც სასულიერო პირი ჩანს, თავად მმართველი პარტია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ პოლიტიკურ ღონისძიებებს სასულიერო პირები ესწრებიან. 

მაგალითად, გუშინ ბაგრატის ტაძართან ქართული ოცნების ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატის ზაზა ლომინაძის და ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ესწრებოდა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ღონისძიებას ხელისუფლებისთვის პატივის მიგების მიზნით დაესწრო.

ამ ფაქტს საპატრიარქო გამოეხმაურა. საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ "ფორმულასთან" განაცხადა, რომ მღვდელმთავრების პარტიულ ღონისძიებებზე დასწრება უჩვეულო არ არის და მხოლოდ მათი თავისუფალი გადაწყვეტილების საკითხია.

ქართული ოცნების ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში შესაბამისი ეპარქიების ეპისკოპოსები პერმანენტულად ესწრებიან.

11 აგვისტოს ლაგოდეხში, თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინეს. შეხვედრას ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი ესწრებოდა.

10 აგვისტოს, ახმეტის მოსახლეობასთან ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენას ალავერდელი მიტროპოლიტი დაესწრო.

14 აგვისტოს, დედოფლისწყაროში, გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენას ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე დაესწრო.

2 სექტემბერს, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენას სამთავისისა და გორის ეპარქიის ეპისკოპოსი ანდრია (ამირან გვაზავა) ესწრებოდა.

3 სექტემბერს, ქარელის მოსახლეობას წინაშე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაალ (ზაზა) დუგლაძის წარდგენას მიტროპოლიტი იობი (ელგუჯა აქიაშვილი) დაესწრო.

19 აგვისტოს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას მრევლს მიმართა და არჩევნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 30 წელია ერთ წრეზე დავდივართ. პოლიტიკაში არიან ძალიან სუსტი ადამიანები, რომელთაც ბოდიშის მოხდა და ჩადენილი საშინელი დანაშულის აღიარება არ შეუძლიათ და მრევლმა უნდა შეუნდოს, თუმცა, მათ არ ექნებათ უფლება "რაღაც-რაღაცები მოგვახვიონ თავს". მან მრევლს „წესიერი არჩევანის“ გაკეთებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ვინც ლანძღავს, მისთვის ყველა მიუღებელია.

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, მმართველი პარტიის ღონისძიებებზე სასულიერო იერარქების დასწრება, ეკლესიის მიერ "ქართული ოცნების" მხარდაჭერის განცდას ქმნის. ISFED -მა მოუწოდა სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.


close დახურვა