სამოქალაქო პროტესტის მერვე დღემ შეერთებულ შტატებში კვლავ მასშტაბური აქციების ფონზე ჩაიარა. წინა დღეებთან შედარებით, მსვლელობები ბევრად მრავალრიცხოვანი იყო, თუმცა უმეტესწილად მშვიდობიანი.
მომიტინგეები, რომლებიც პოლიციის ძალადობას აპროტესტებდნენ, კვლავ შეიკრიბნენ თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციელებმა დემონსტრაციის დასაშლელად კვლავ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.
თეთრ სახლთან მისასვლელი ქუჩები გადაკეტილია, ბარიკადებია აღმართული ლაფაიეტის პარკთანაც, თუმცა აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. „ფორმულასთან“ საუბარში ისინი აცხადებენ, რომ ძალოვან სისტემაში ცვლილებების გატარებაა საჭირო.
„ვაპროტესტებ ჯორჯ ფლოდის გარდაცვალებას და იმას, რასაც დღეს პოლიცია სჩადის მთელს ქვეყანაში. შევიკრიბეთ, რადგან გვინდა არსებული სიტუაცია შეიცვალოს. ამ ქვეყანაში ასეთი სამართალდამცველების ადგილი არ არის. შეწყვიტეთ მკვლელობები - ამას მოვითხოვთ ათლეულებია. საჭიროა პოლიციის რეფორმირება, რადგან ისინი არასდროს ემხრობიან შავკანიანი მოქალაქეების დაცვას და არასდროს არიან ჩვენს სამსახურში. ეს არ არის სწორი. ამიტომ დღესაც იგივეს მოვითხოვთ - თავი დაგვანებეთ და მოგვეცით საშუალება ვიცხოვროთ. დავიღალკეთ უკვე და აღარ გავჩერდებით", - ამბობენ ისინი.
თეთრ სახლთან ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები განალაგეს, რასაც ვაშინგტონის მერი არ ეთანხმება. იგივე პოზიცია აქვს ნიუ-იორკის მერსაც.
აქცია ლოზუნგით „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ ნიუ-იორკში ტრადიციულად მანჰეტენზე გაიმართა. დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის მანჰეტენის ხიდზე. სამართალდამცველებმა მომიტინგეები ხიდზე ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
ცრემლმდენი გაზით დაშალეს აქცია სიეტლსა და პორტლენდში, სადაც მომიტინგეებმა დაკავების ინსცენირება მოაწყეს და ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებაში ეჭვმიტანილი პოლიციელების დასჯა მოითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მასშტაბური გამოსვლები პოლიციელის მხრიდან ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა - სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ დაკავებული სთხოვს პოლიციელს, სუნთქვის საშუალება მისცეს, რამდენიმე წუთში კი ის გარდაიცვალა.