logo
ENG



ვაშაძე კონგრესმენის კრიტიკაზე:უკვე დაგვენგრა საერთაშორისო რეპუტაცია

20 დეკ 201913:56
3 წუთის საკითხავი
 
z42h2fwdmw44ucf.jpg

კრიტიკა ვაშინგტონიდან, რომელიც განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ იმდენად გააქტიურდა, რომ მმართველმა გუნდმა შეერთებულ შტატებში დელეგაცია გააგზავნა, თუმცა უშედეგოდ. კონგრესმენების შემდეგ „ქართული ოცნება“ სენატის  საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემაც გააკრიტიკა.

"საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დევნა შემაშფოთებელია" - აცხადებს ჯიმ რიში.  - მმართველი პარტია ოპოზიციას ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებით და შევიწროვების სხვა ფორმებით. საქართველო იდგა ნათელი დემოკრატიული მომავლის გზაზე და მე ვშიშობ, რომ გასული თვეების მოვლენები ქვეყანას უკან ხევს", - ამბობს ის.

ოპოზიციური პარტიის დეპუტატები აცხადებენ, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია დაენგრა. როგორც ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა, ამ პირობებში რომელიმე საერთაშორისო პოლიტიკური მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

„უკვე დაგვენგრა საერთაშორისო რეპუტაცია. საქართველოს რეპუტაცია არ არის ის, რაც თუნდაც ორი წლის წინ იყო. ყველა სკეპტიკურად გვიყურებს. ამ პირობებში ჩვენი რომელიმე საერთაშორისო პოლიტიკური მიზნის მიღწევა შეუძლებელია“, - განაცხადა ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ მას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მსგავსი კრიტიკა არ ახსოვს.

„საქართველოს მეგობრების პრინციპული ინტერესია, რომ საქართველო წავიდეს წინ. ვინც ამ ამოცანას ხელს უშლის და საფრთხეს უქმნის, მას საჯარო მწვავე კრიტიკა შეხვდება და მე ასეთი კრიტიკა არ მახსოვს“, - განაცხადა ბოკერიამ.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოში ხელისუფლება ოპოზიციის  ძალადობრივი თავდასხმებით ებრძვის. როგორც „ამერიკის ხმას“ ჯიმ რიშმა განუცხადა, გასული თვეების მოვლენებმა ქვეყანა უკან დახია. რიში მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეასრულოს პროპორციულ საარჩევნო რეფორმაზე გადასვლის დაპირება. 

გარდა რიშისა, შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერალდ კონოლი გიორგი გახარიას წერილს უგზავნიან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობას პირობების შეუსრულებლობისა და ძალის გამოყენების გამო. როგორც წერილში ვკითხულობთ, ამერიკელი კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და შოკირებულნი არიან პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნით. წერილში ასევე, საუბარია ქართველი ხალხის არჩევანზე, გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი და ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.


 


close დახურვა