logo
ENG



ვინ მიგდია კობახიძე, რომ პანდემიის ტალღებზე გვესაუბრება - უგულავა

15 ივნ 202009:15
3 წუთის საკითხავი
 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი უცნობია. მმართველი გუნდი კორონავირუსის გავრცელებას აკვირდება და არჩევნების დეკემბერში ჩატარებასაც განიხილავს, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მთავრობა ეპიდემიას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. 

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, ხელისუფლების ინტერესს უნდა შეადგენდეს არჩევნების ოქტომბერში ჩატარება.

„რაც უფრო ნაკლებს ეტყვის ხელისუფლება მოქალაქეს იმაზე , რომ არჩევნები უნდა გადაიტანოს, მით უკეთესი იქნება მათი მდგომარეობა არჩევნების დროს. ვინაიდან, დეკემბერში მოქალაქეების არც სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა და არც პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება. სჯობს კონსტიტუციური ვადები იქნას დაცული და ხელისუფლებამ იმაზე იფიქროს, როგორ ჩაატაროს გამჭირვალე, დასავლური სტანდარტების შესაბამისად ეს საპარლამენტო არჩევნები“, - აღნიშნა ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა კი მიიჩნევს, რომ შესაბამისმა სამსახურებმა უნდა ისაუბრონ პანდემიის მეორე ტალღაზე და არა ირაკლი კობახიძემ.

„ვინ მიგდია კობახიძე, რომ პანდემიის და მის ტალღებზე გვესაუბრება. თუ პრობლემაა, ამის შესახებ შესაბამისმა სამსახურებმა უნდა ისაუბრონ. რეგიონში პრობლემაა, ჩვენთანაც პრობლემაა და ბუნებრივად დადგება ეს საკითხი, მაგრამ ეს საკითხი რომ დგება დღეს და ამ საკითხს ყველაზე უფრო სიტყვის გამტეხი ადამიანი აყენებს, რომელიც ყველაზე ოდიოზურ აზრებს აფრქვევს ივანიშვილის სახელით და ივანიშვილის სახით ყველაზე მატყუარა ადამიანი გყვავს დღეს პოლიტიკაში, ბუნებრივია ვირეშმაკობას ჰგავს“, - განაცხადა უგულავამ.

არჩევნების ოქტომბრის დასაწყისში ჩატარებას ელოდება პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე.

„რასაც მოისმენთ, ყველაფერი გაიგეთ უკუღმა. ელოდეთ არჩევნების ოქტომბრის პირველ კვირას ჩატარებას. „ქართულ ოცნებას“ დეკემბერში არჩევნების ჩატარება არ აწყობს. ახლა ამაზე ყიყინს აატეხინებენ ოპოზიციას და იტყვიან, კარგი, მაშინ ოქტომბრის დასაწყისში იყოსო. იმიტომ, რომ რეალურად, სრულყოფილ კამპანიას ოპოზიცია ვერ ჩაატარებს. არ არის გარკვეული ჯერ როგორი ოლქები იქნება, რა იქნება და რა საზღვრებში იქნება. აქედან გამომდინარე, რომ დაგინიშნავენ არჩევნებს ოქტომბრის დასაწყისში, დარჩები ხახამშრალი“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პანდემიის გამო საპარლამენტო არჩევნების დეკემბრისთვის გადადების შანსები არსებობს და არ არის გამორიცხული, რომ მოვლენები სწორედ ასე განვითარდეს.


close დახურვა