logo
ENG



ვირუსისგან კიდევ სამი ადამიანი განიკურნა - მარინა ეზუგბაია

04 აპრ 202019:39
3 წუთის საკითხავი
 

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი განიკურნა. მათ ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვეს.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ცნობილი გახდა გერმანიიდან დაბრუნებული 15 მოქალაქის ტესტების პასუხებიც.

„ახლა გვაქვს 157 შემთხვევა, მაგრამ გვაქვს გამოჯანმრთელების 31 შემთხვევა - კლინიკა კიდევ სამმა პაციენტმა დატოვა. გერმანიიდან შემოსული 15 პაციენტთან გავაკეთეთ ტესტირება და ყველა პასუხი არის უარყოფითი. კიდევ 14 დღეს იქნებიან კარანტინში", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

​ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, 80 წელს გადაცილებული პაციენტის მდგომარეობა თანდათან სტაბილურდება, ხოლო დანარჩენი შემთხვევები მართვადია.

„მოხუცი ქალის მდგომარეობა არის სტაბილური, რაც სასიკეთოა - ბოლომდე არა, მაგრამ სტაბილურდება. გვყავს 4 პაციენტი პნევმონიით, მაგრამ ყველა არის მართვადი", - ამბობს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს საქართველოში ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო უშუალოდ ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. 

საქართველოში 31 მარტიდან საგანგებო რეჟიმი და ე.წ. კარანტინის საათი მოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში მიიღო. ამ განკარგულების თანახმად, მოქალაქეებს 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ. 


close დახურვა