logo
ENG



ვოლსკი ევროპარლამენარების განცხადებაზე: გაუგებარია ამ 6 ევროპარლამენტარის პოზიცია

02 აპრ 202112:01
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წევრი, გია ვოლსკი ევროპარლამენტარების განცხადებაზე, რომ შესაძლოა საქართველოს ფინანსური დახმარება შეუჩერდეს, პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. 

ვოლსკი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ყველა პუნქტზე შესათანხმებლად მზად იყო, "მცირე დაზუსტებებით". 

ქართული ოცნების წევრის თქმით, ევროპარლამენტარების პოზიცია გაუგებარია, ვინაიდან, მისი აზრით, ისინი ვერ ხედავენ,"საიდან მოდის პრობლემა".

"გაუგებარია ამ 6 ევროპარლამენტარის პოზიცია, იმის ნაცვლად, რომ იმაზე საუბრობდნენ, საიდან მოდის პრობლემა, რატომ ვერ შეთანხმდა ოპოზიცია და ხელისუფლება, იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუკი ეს 6 პარლამენტარი მიმართავს ევროკავშირს. 

ცნობისთვის, იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია"., - თქვა ვოლსკიმ. 

მისივე აზრით, ოპოზიციას ევროკავშირის ეს პოზიცია უხარია, რაც სინამდვილეში არის "ყველაზე ცუდი და გულდასაწყვეტი". 

"რასაკვირველია, შეიძლება რაღაც სკანდალური შეკითხვები დასვა და მოიფიქრო, მაგრამ ყველაზე ცუდი და გულდასაწყვეტი ის ტაშ-ფანდურია, რაც ატყდა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ისევ ფანჩატურში იკრიბება. 

რომ რა კარგია, რომ ეს მოხდება, მაშინ როცა მათი დანაშაულია, რომ აქამდე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ.

ეს არის რეალური სურათი და არა ის, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ სანქციები დააწესოს. არამგონია, რომ 6 პარლამენტარის განცხადებამ რაიმე იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არამარტო საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის". - თქვა გია ბოლსკიმ

საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 

ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს

მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებლები არიან ამ შედეგზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება. 


close დახურვა