ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი რესპუბლიკური პარტიის წევრებზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს დანაშაულია, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ეს ადამიანი "პირდაპირ აფურთხებს საზოგადოებას სახეში", რაც შეიძლება "უფრო საშიში" იყოს.
"ნებისმიერი ასეთი ანგარიშსწორება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც შენს აზრს არ იზიარებს, არის დანაშაული ქვეყნის წინაშე. არამარტო სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, არამედ საზოგადოების წინაშე, ჩვენი შვილების წინაშე დანაშაულია. ჩვენ არ ვიმსახურებთ საზოგადოებას, სადაც განსხვავებული აზრისათვის ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს, თუნდაც კატეგორიულად არ ეთანხმებოდე მის აზრს. ის, რომ მის აზრს არ ვეთანხმები, ამას ნუ ამიკრძალავთ, რა... საშიში პროპაგანდა რატომაა? ადამიანი გამოდის და პირდაპირ საზოგადოებას აფურთხებს სახეში. შეიძლება, ეს უფრო საშიში იყოს"- თქვა ვოლსკიმ.
დღეს, 6 ივნისს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე 2 კაცი თავს დაესხა.
თავდასხმის შემდეგ ბეძენიშვილმა მომხდარის დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ დააპირა მშვიდად საუბარი თავდამსხმელთან, თუმცა ეს მათი ინტერესი არ იყო.
"მე დავაპირე მშვიდი საუბარი, მაგრამ მათი ინტერესი არ იყო მშვიდი საუბარი და რაღაცეების გარკვევა და მერე თქვა, რომ აი ჩვენს წმინდანს აგინებს შენი ძმა, შენც აყევი, მე ვუთხარი, რომ ერეკლე წმინდანი არ იყო და მერე გადავიდნენ [გინებაზე], აქ ვერ გაივლიო და სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირ მიაყენა ხათუნას ხაზგასმით და სპეციალურად", - ამბობს ბერძენიშვილი.