logo
ENG



ზალკალიანი სააკაშვილზე: დაუშვებელია, მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინის პარტნიორობა

02 ოქტ 202114:58
3 წუთის საკითხავი
 
ზალკალიანი სააკაშვილზე: დაუშვებელია, მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინის პარტნიორობა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ქართულმა მხარემ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა - საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეა. 

"დარწმუნებული ვარ, მშვიდად, წყნარად, ჩვენ ყველა საკითხზე შესაბამისი განმარტებები გვექნება და ამასთან, ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან ისევე განვითარდება, როგორც აქამდე ვითარდებობოდა და დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც ძალიან სერიოზული დინამიზმით იქნება გამორჩეული". - თქვა ზალკალიანმა ხმის მიცემის შემდეგ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეომასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს. 

ექსპრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება

აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში იმყოფებოდა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს. ამასთან, როგორც უკრაინის მოქალაქე, სააკაშვილი უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. 

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული სიტუაცია პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, დიპლომატიურ დახმარებას გაუწევს. 


close დახურვა