უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, დიპლომატიურ დახმარებას გაუწევს.
მისივე თქმით, სააკაშვილი მიიღებს ყველანაირ დახმარებას, რომელიც ეკუთვნის უკრაინის მოქალაქეს.
"ჩვენ ვიცავთ უკრაინის თითოეულ მოქალაქეს, როდესაც მას უჭირს. ის ჩვენი მოქალაქეა და ჩვენ ყველანაირ დახმარებას გავუწევთ. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვა საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი, ჩვენი თხოვნით. მასთან ამ ყველაფერს განვიხილავთ", - ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეომასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს.
მესამე პრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს.
მიხეილ სააკაშვილთან ციხეში იმყოფებოდა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს. ამასთან, როგორც უკრაინის მოქალაქე, სააკაშვილი უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს.