ქართული ონების დეპუტატი ირაკლი ზარქუა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება და ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ რუსულ კანონსა და ამერიკულ კანონ FARA-ს შორის კვლავ პარალელს ავლებს.
"როდესაც თქვენს კანონს უცხოური აგენტების შესახებ FARA-ს გააუქმებთ, ამის შემდეგ, ჩემი აზრით, გექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ ტონალობით გველაპარაკოთ. ბატონ მეთიუ მილერს მივმართავ, დასანქცირებულნი არიან ჩვენი მოსამართლეები, უსაფუძვლოდ, არგუმენტების გარეშე, თქვენ გაქვთ კიდევ ერთი შესაძლებლობა, გადმოგვიგზავნოთ არგუმენტები, იქნებ მართლები ხართ", - განაცხადა ზარქუამ.
ქართული ოცნება თავისი რუსული კანონის გასამართლებლად ხშირად მოჰყავს მაგალითად ამერიკის "აქტი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" (FARA) კანონი და მასთან მსგავსებაზე საუბრობს. თუმცა FARA ოცნების კანონისგან განსხვავდება როგორც შინაარსობრივად, ისე მოქმედების ჩარჩოებით. აშშ-ში მოქმედი კანონი მთავარ აქცენტს პოლიტიკურ ლობიზმზე აკეთებს. ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით, კი ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსების 20%-ს იღებს, "უცხოურ ძალად" შეირაცხება. ასეთი ორგანიზაცია შეიძლება იყოს, როგორც გრანტის მიმღები მედიასაშუალება, ადამიანის უფლებებზე ან ცხოველთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა რუსულ კანონთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა. მილერის თქმით, კანონის რეინიციირებით შეშფოტებულია და მათი პოლიტიკა უცვლელია.