logo
ENG



ზელენსკი: ირანში მიმდინარე მოვლენები პუტინისთვის სიგნალია, როგორ მთავრდება დიქტატურა

02 მარ 202617:44
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/02/daxstguirjxny27.png

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რამდენად სუსტი მოკავშირეა რუსეთი და ამავე დროს მიანიშნა ქვეყნის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს, თუ როგორ სრულდება დიქტატურა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ირანში მიმდინარე მოვლენებს რუსეთისთვის, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინმა უკვე აჩვენა, როგორი მოკავშირეა სირიაში, როდესაც რუსეთმა ვერ შეძლო ეფექტური დახმარების გაწევა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისთვის.

ზელენსკის თქმით, იგივე სისუსტე რუსეთმა ახლაც გამოავლინა.

„ჩემი აზრით, პუტინმა  სირიაში უკვე აჩვენა, როგორი მოკავშირეა, როდესაც, ფაქტობრივად, მათ ვერ შეძლეს ასადის რეჟიმის დახმარება. ჩემი შეფასებით, მათ ახლაც აჩვენეს საკუთარი სისუსტე. ანუ, როგორც მოკავშირეები, ისინი უმნიშვნელონი არიან,“ – განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო რესურსების ძირითადი ნაწილი უკრაინაშია კონცენტრირებული.

მისივე თქმით, ირანში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანი სიგნალია: „რაც ხდება ირანში, ვფიქრობ, კარგი სიგნალია იმისთვის, რომ პუტინმა დაინახოს, როგორ მთავრდება დიქტატურა.“


close დახურვა