უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგაში, ომის დანაშაულების კონფერენციაზე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ, ვინც დღეს ცენტრალური უკრაინის ქალაქ, ვინნიცაში სარაკეტო დარტყმებს შეეწირა.
"დღეს დილით რუსული რაკეტები ჩვენს ქალაქ ვინიცაში ჩამოვარდა - ჩვეულებრივი, მშვიდობიანი ქალაქი. საკრუიზო სარაკეტო დარტყმა ორ შენობაზე განხორციელდა; დაინგრა სახლები, დაინგრა სამედიცინო ცენტრი, დაიწვა მანქანები. ეს არის რუსული ტერორის აქტი. ადამიანები ამას ვერ შეძლებდნენ, ისინი ცხოველები არიან. რვა რაკეტა, მათგან ორის სამიზნე ქალაქის ცენტრი იყო. ამ დროისთვის ოცი ადამიანია დაღუპული, მათ შორის სამი ბავშვი."- განაცხადა ზელენსკიმ კონფერენციაზე.
დასკვნით განცხადებაში ზელენსკიმ ომის დანაშაულების კონფერენცია მოიხსენია, როგორც საერთაშორისო სამართლის "გადარჩენის" აქტი.
"თქვენზე, ჩემზეა დამოკიდებული, იმუშავებს თუ არა საერთაშორისო სამართალი." - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის ქალაქ ვინნიცაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, კიდევ 115 ადამიანი დაშავდა.
ნაციონალური პოლიციის უფროსის იგორ კლიმენკოს თქმით, დაშავებულებიდან 50 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
46 ადამიანი დაკარგულად ითვლება.