logo
ENG



ზელენსკი მთავრობას: გადაიყვანეთ სააკაშვილი უკრაინის, ევროპული ქვეყნების ან აშშ-ის კლინიკაში

20 დეკ 202208:15
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას სთხოვს.

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა".

"მინდა მივმართო ჩვენს მეგობრებს და მოაზროვნე, წინდახედულ ადამიანებს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ყველამ ნახეთ, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა.

მივმართავ ქართველ ერს და საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინეთ გულმოწყალეობა, განსაკუთრებით, შობის წინ. ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა. ეს არ შეეფერება საქართველოს. ეს უნდა შეჩერდეს.

გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მის სიცოცხლეს დაიცავს. გადაიყვანეთ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან აშშ-ის რომელიმე კლინიკაში. დროა, გადაიდგას ეს ნაბიჯი!"- აცხადებს ზელენსკი.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად. 

"საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს პასუხი, თუ მას რაიმე დაემართება; მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივები ამ საკითხის გადასაჭრელად" - წერია რეზოლუციაში. 


close დახურვა