უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ G20-ის სამიტზე ვიდეოჩართვით განაცხადა, რომ ის "დარწმუნებულია, რომ ახლა არის დრო, როდესაც რუსეთის დესტრუქციული ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს."
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ არ იქნება "მინსკი 3", მან გაიხსენა ორი წინა წარუმატებელი შეთანხმება, რომელიც 2014 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის და შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთში ომის დასრულებას გულისხმობდა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა ამ განცხადებას და თქვა, რომ ზელენსკის პოზიცია, რომ "მინსკი 3" არ იქნება "ადასტურებს იმას, რომ უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების გამართვა არ სურს."
"ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს დაელოდოს და გააძლიეროს თავისი ძალები."- განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე მოუწოდა G20-ის ლიდერებს გამოიყენონ მთელი თავიანთი ძალა იმისათვის, რომ "რუსეთმა უარი თქვას ბირთვულ საფრთხეებზე" და მოსკოვიდან იმპორტირებულ ენერგიაზე ფასის ლიმიტი დააწესონ.
"თუ გამარჯვება ჩვენი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში და ჩვენ დარწმუნებული ვართ ამაში, მაშინ არ უნდა ვეცადოთ მშვიდობის ჩვენი ფორმულის განხორციელება, რათა გადავარჩინოთ ათასობით სიცოცხლე და დავიცვათ მსოფლიო შემდგომი დესტაბილიზაციისგან?."- განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა ზამთრის მოახლოებასთან ერთად.
"დაე, რუსეთმა დაამტკიცოს თავისი ტერორის უარყოფით, რომ ის ნამდვილად არის დაინტერესებული მშვიდობის აღდგენით." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე იმართება. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის უკრაინა და რუსეთიც. ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ გაზაფხულზე სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიწვია.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სამიტს ვირტუალურადაც არ დაესწრება. ამასთან, პესკოვი აღნიშნავს, რომ რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.
