საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილს ორბელიანების სასახლეში ოჯახთან ერთად უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
„ორბელიანების სასახლეში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მის ოჯახთან ერთად ვუმასპინძლე და როგორც უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება, ასევე დამდეგი ახალი წელი პირადად მივულოცე. საზოგადოება ექიმის გათავისუფლებას მოუთმენლად ელოდა, ამ ფაქტმა მომავლის იმედი გაგვიჩინა. მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში თავისი წვლილი შეიტანა“, - წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ის 9 ნოემბერს, ე.წ საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გაფრინდაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.
20 დეკემბერს გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა 28 დეკემბერს საოკუპაციო რეჟიმმა გაფრინდაშვილი გაათავისუფლა.
