პრეზიდენთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საზოგადოება "ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით" არის დაკავებული, იმის ნაცვლად, რომ დაინტერესდეს ქვეყნის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით. ამით პრეზიდენტი გამოეხმაურა მის რეზიდენციასთან გამართულ აქციას, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, მის შეწყალებას და ამით დესტაბილიზაციის შემცირებას მოითხოვდნენ.
"ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით, ვიდრე იმით, რაც შეჰფერის, ჩემი აზრით, ევალება კიდევაც ჩვენს საზოგადოებას, დაინტერესდეს ქვეყნის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, იქნება ეს ჩვენს ორ მეზობელს შორის კონფლიქტის შემდგომი მდგომარეობის განვითარება თუ უკრაინის საზღვარზე შექმნილი დღევანდელი ვითარება.
ეს არის ის, რაც უნდა გვაინტერესებდეს, გვაღელვებდეს, რამეთუ ჩვენი და ჩვენი რეგიონის მშვიდობა და განვითარება ერთმანეთისგან განუყოფელია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი, თავის განცხადებაში სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, რითაც ეხმაურება უკრაინის საზღვართან შექმნილ ვითარებას:
"მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, რომელთანაც გვაახლოებს ისტორიული მეგობრობა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საბჭოთა წარსულის დაძლევის, ახალი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის და ევროპული ინტეგრაციის გზა".