logo
ENG



ზურაბიშვილი: ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის

17 ნოე 202300:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/17/fph6dw42oklw9ho.jpg

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში, ბიძინა ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის. ამის შესახებ Le Monde-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

"მე არ ვიცი,  როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის

პასუხი დეოლოიგარქიზაციაზე, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებშია. ოცდაათი წელია ჩვენ ხელისუფლების ერთპარტიულ სისტემაში ვართ. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით", - განაცხადა მან. 

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და ამბობს, რომ "მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოსცადა".  

"დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც  ცდილობს წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული იყოს. მისი გავლენით, ხელისუფლებაში მყოფი, ევროპაში განათლებამიღებული ახალგაზრდები აჩვენებენ სისუსტესა და მაამებლურ პოზიციას რუსეთის მიმართ. ეს ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ცუდი აღქმაა", - ამბობს ზურაბიშვილი. 

პრეზიდენტის თქმით, სამი წელია მასსა და ივანიშვილს შორის კონტაქტი არ შემდგარა და მასთან, საგარეო პოლიტიკის გარდა, სხვა საუბარი არასდროს ჰქონია. 

"ორწელიწადნახევარი, სამი წელია მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. საგარეო პოლიტიკის გარდა, სხვა საუბარი მასთან არასდროს მქონია. როდესაც ევროკავშირში მოგზაურობიდან დავბრუნდი, მივედი ჩემი მოსაზრების გასაზიარებლად, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ეს უფრო მონოლოგი იყო, ვიდრე რეალური დიალოგი. არავინ იცის, ის რას ფიქრობს", - აცხადებს პრეზიდენტი. 

პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მისი, როგორც პროევროპელის, ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენაში, თუმცა ასეთი როლი არ ჰქონია ევროკავშირისკენ გზის დაჩქარებაში.

"შესაძლოა, მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად,როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე", - ამბობს ის. 

 

 


close დახურვა