logo
ENG



ზურაბიშვილი ბაქრაძის ელჩად დანიშვნაზე: ხელი მოვაწერე რომ ჩემს გამო არ ყოფილიყო შეფერხება

01 სექ 202220:16
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი იმიტომ მოაწერა, რომ არ სურდა პროცესი შეეფერხებინა და საქართველო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ელჩის გარეშე ყოფილიყო წარმოდგენილი.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბაქრაძის შესახებ მისი მოსაზრება არ გაითვალისწინეს, რის შემდეგაც არ სურდა ელჩის დანიშვნის პროცესი შეეფერხებინა.

„გუშინ მომივიდა ოფიციალური წარდგენა [გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის კანდიდატურა], რომელსაც ხელი მოვაწერე. ხელი მოვაწერე არა იმიტომ რომ ვიღაცამ დამაძალა ან რაღაცის შემეშინდა, არამედ იმიტომ, რომ აქამდე, სანამ მიდიოდა ეს კონსულტაციების ფორმა და მთავრდებოდა წარდგენით, ყველა წარდგენაზე მე ხელი მოვაწერე, რომ ჩემს გამო არ ყოფილიყო შეფერხება. ჩემი მოსაზრებები არ იქნა მოსმენილი, შეფერხება არ უნდა იყოს და მითუმეტეს ამ შემთხვევაში, გაეროს გენერალური ასამბლეა იმართება 3 კვირაში და ჩვენი ქვეყნის ინტერესი ნამდვილად არ არის, რომ იქ არ ყოფილიყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იმ მომენტში, როცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული ამ გენასამბლეაზე" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, დავით ბაქრაძის გაეროში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

პრეზიდენტმა აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით ბაქრაძე გაეროში მუდმივ წარმომადგენლად 30 აგვისტოს განკარგულებით დანიშნა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს, 31 აგვისტოს განაცხადა, რომ გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნა სალომე ზურაბიშვილს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ადმინისტრაციის უფროსი ნათი სულავა თავის განცხადებაში არ განმარტავს, კრიტიკის მიუხედავად რატომ მოაწერა ზურაბიშვილმა ხელი ბაქრაძის წარდგინებას. 

პრეზიდენტმა თავის დროზე, ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ აშშ-ში მისი მუშაობით უკმაყოფილო იყო. ამ ფაქტს ქართული ოცნებასა და ზურაბიშვილს შორის უთანხმოება მოჰყვა.

ზურაბიშვილმა ივლისში განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გახდა, 37 ელჩი იქნა წარდგენილი და აქედან 36-ის დანიშვნას ხელი მოაწერა, დარჩენილი ერთი კი სწორედ ბაქრაძე იყო. 

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბაქრაძეს, "რომელიც იყო 5 წელი ელჩი ამერიკაში, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის".

მისი თქმით, წარადგინა არგუმენტები თუ რატომ არ უნდა დანიშნულიყო ის გაეროში ელჩად.

"ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, რომელსაც არ დაუწერია არც ერთი სტატია, რომელსაც არც ერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით, ეს არგუმენტები წარვუდგინე, არ უნდა იყოს დანიშნული გაერო-ში" - განაცხადა ზურაბიშვილმა.   

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ივნისის დასაწყისში მიმართა.

მთავრობა ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე.

საქართველოს მთავრობის მტკიცებით, ბოლო ერთ წელში პრეზიდენტმა არაერთხელ დატოვა რეაგირების გარეშე მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების კანდიდატები.

25 ივნისს კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, რაც მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩებისა და დიპლომატების დანიშვნაზე პრეზიდენტის უარის კონსტიტუციურობას აფასებს. 


close დახურვა