logo
ENG



ზურაბიშვილი დანიელსონის დაბრუნებაზე: ეს ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის

22 მარ 202122:29
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი დანიელსონის დაბრუნებაზე: ეს ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი თბილისში დაბრუნდება და აღნიშნავს, რომ "ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის". 

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. მან შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა. 

"სანამ ბატონი დანიელსონის დაბრუნებას ველოდებით, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენონ და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაონ", - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება. როგორც თავად შარლ მიშელი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, დანიელსონი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციას გააგრძელებს. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი, ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ქართულ ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. მას საქართველო 14 მარტს უნდა დაეტოვა, თუმცა დიპლომატმა ვიზიტი გაახანგრძლივა. როგორც მაშინ დანიელსონი ამბობდა, ეს განპირობებული იყო იმით, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მომხდარიყო. 

ბოლო შეხვედრა მხარეემს შორის დანიელსონის მედიაციით, 19 მარტს შედგა, თუმცა 9-საათი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

დანიელსონამდე კი საქართველოში თავად შარლ მიშელი იმყოფებოდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი.

 


close დახურვა