საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიციელების მხრიდან შშმ მოზარდზე ძალადობის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ ამგვარი ინციდენტების განზოგადება და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ჩრდილის მიყენება დაუშვებელია.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, პოლიციისადმი საზოგადოების ნდობა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ნდობა ინდივიდუალური თანამშრომლების მიერ ჩადენილი ამგვარი ქმედებებით ზიანდება.
"უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.
დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები.
უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს" - წერია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
***
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 25 იანვარს განაცხადა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დააკავეს შსს-ს 2 თანამშრომელი.
შსს-ს თანამშრომელს, ნუგზარ ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კახა ბაკაშვილს კი ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მოზარდის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორები ბრალს არ აღიარებენ.