logo
ENG



მეტროში 17 წლის შშმ პირზე ძალადობის საქმეზე შსს-ს 2 თანამშრომელი დააკავეს

25 იან 202210:01
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებულია შსს-ს 2 თანამშრომელი. 

უწყების ცნობით, დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შსს-ს საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი; ხოლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებითვე, მათი გამოძიების ფარგლებში, ფსიქოლოგის თანხლებით გამოიკითხა ის მოზარდიც, რომელსაც პოლიციელმა სცემა. 

მათივე გამოძიებით დადგინდა, რომ მეტროში შემთხვევა 23 იანვარს მოხდა:

"საღამოს საათებში, 20 საათიდან 21 საათამდე მონაკვეთში, 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ძმასთან და მეგობართან ერთად იყო მეტროსადგურ "ისანში". მეტროს ესკალატორთან მყოფმა პატრულ-ინსპექტორმა არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა მეტროს ფოიეში, საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში. ამ ოთახში პოლიციის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვნის მითითებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა მისი, პოლიციელი აგრძელებდა მის გამეტებით ცემას. 

არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად". 

მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმეზე მოკვლევა დაიწყეს. 

მომხდარზე გამოძიება პოლიციელის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც დაიწყო.


close დახურვა