logo
ENG



ზ.ხ-ს ადვოკატი - "ოქროს მოწმეები" არასანდოები არიან, მათი ჩვენებები დაუშვებლად უნდა ცნონ

31 ივლ 202017:57
3 წუთის საკითხავი
clock 762
ajbnyxm3605f0in.png

 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, დაცვის მხარე საქმის მთავარი მოწმეების, გურამ ამირხანაშვილის, ვახტანგ ახვლედიანის, იაკობ ბრეგვაძის და გიორგი ქათამაძის ჩვენებების ბათილად ცნობას მოითხოვს. 

როგორც გელხაურმა ჟურნალისტებს განუმარტა, შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს. ადვოკატი ჩვენებების დაუშვებლად ცნობას იმ მიზეზით ითხოვს, რომ ხსენებულმა პირებმა ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს. 

"ვერ მივედით იმ ეტაპამდე, რომ სასამართლოს წინაშე განგვეცხადებინა ის შუამდგომლობა, რომ მათი ჩვენებები დაუშვებლად იქნას ცნობილი. მიზეზი არის ამ პირების არაერთხელ შეცვლილი ჩვენება, ამ მოწმეების არასანდოობა და თუ ვინმემ შეიყვანა გამოძიება ჩიხში, ან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან - ეს არის ამირხანაშვილი, ეს არის ახვლედიანი, ეს არის ბრეგვაძე, ეს არის ქათამაძე", - განაცხადა გელხაურმა

მისივე მტკიცებით, მოწმეებმა გამოძიებას რეალური სურათი დაუმალეს და პროკურატურა ჩიხში შეიყვანეს. იგი საქმის, ე.წ. ოქროს მოწმეებს უნდობლობას უცხადებს. 

"ეს ის პირები არიან, რომლებმაც გამოძიებას დაუმალეს ყველა რეალური გარემოება იმ ღამესვე. ეს ის პირები არიან, რომლებიც გამოძიებას 4 სხვადასხვა ჩვენებას აძლევენ. ამ პირებს ოქროს მოწმეებად ვერ შევრაცხავდი, რადგან გამოძიება შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში. დღეს ისინი თითქოს და იხსენებენ ახალ დეტალებს და ამით პროკურატურას სურს, რომ ბრალი დაუმძიმოს დაკავებულებს", - აღნიშნა გიორგი გელხაურმა

შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 


close დახურვა