logo
ENG



თაბაგარი ვასაძეზე: ეს კაცი საფრთხეა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო უნდა რეაგირებდეს

15 ივნ 202116:14
3 წუთის საკითხავი
 
თაბაგარი ვასაძეზე: ეს კაცი საფრთხეა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო უნდა რეაგირებდეს

თბილისი პრაიდის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ეხმაურება ლევან ვასაძის ულტიმატუმსა და მუქარის შემცველ განცხადება და ამბობს, რომ ეს სახელმწიფოს უმოქმედობის შედეგია. თაბაგარის ტქმით, ვასაძე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა და ამაზე შესაბამისი რეაგირებაა საჭირო. 

"ლევან ვასაძემ ხელისუფლებას 10 დღიანი ვადა მისცა პრაიდ კვირეულის გასაუქმებლად. ეს კაცი ღიად ძალადობდა 2019 წელს და მაშინ სახელმწიფომ არაფერი გააკეთა მის შესაჩერებლად. პროკურატურას საქმე დღემდე თაროზე აქვს შემოდებული...

ზუსტად ამ უმოქმედობის შედეგია ის, რომ აგერ 2021 წელსაც იგივეს აგრძელებს. ღიად ლობირებს რუსული კანონების მიღებას საქართველოში, ემუქრება კონკრეტულ ადამიანებსა და სახელმწიფოს! ეს კაცი არის საფრთხე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ამაზე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება", - წერს გიორგი თაბაგარი. 

დღეს, 15 ივნისს პროპუტინური, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერმა, ლევან ვასაძემ ქართულ ოცნებას 10-დღიან ვადა მისცა, გააუქმონ 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში".

მან მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა - მოუწოდა მთავრობას, არ მისცენ საბაბი "ესკალაციასა" და "დაპირისპირებას".

"დღეს ხომ არის 15 ივნისი, ვადას ვაძლევთ 25 ივნისამდე, გააუქმონ, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციისა და დაპირისპირების პროცესების განვითარებას, ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას ჩვენს უშუალო სამეზობლოში", - ამბობს ვასაძე.

"ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

ორგანიზატორების ცნობით, აქციაზე მივლენ, როგორც "თბილისი პრაიდის" წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.

ამ ფორმით ისინი, მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროტესტს გამოუცხადებენ სოლიდარობას. 

"ქვიარ თემის წევრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ხმამაღლა და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის!" - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვენ:

  • უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება;
  • Შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;
  • უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;
  • დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

თბილისი პრაიდის წარმომადგენლები მოუწოდებენ საზოგადოებას ერთად შეებრძოლონ უსამართლობას.


close დახურვა