თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ბექა კოკაიას თქმით, დაინფიცირებულ სტუდენტს უნივერსიტეტში ყოფნის დროს არაფერი აწუხებდა. მას სიმპტომები გვიან ღამით გამოუვლინდა, რის შემდეგაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარა.
კოკაია ამბობს, რომ სტუდენტი ცალკე, იზოლირებულ ფლიგელში სწავლობს, რომელსაც დეზინფექცია ჩაუტარდა.
ასევე ბექა კოკაიას ინფორმაციით, სტუდენტს რამდენიმე ჯგუფელთან ჰქონდა შეხება, ისინი ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფებიან და კორონავირუსზე ტესტირებას ჩაიტარებენ.
"ჩვენ სწავლა დავიწყეთ 7 სექტემბერს. მანამდე გყავდნენ სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც მოგვცეს სწავლის დაწყების უფლება. ყველა შემომსვლელს ვუზომავდით ტემპერატურას და ვუკონტროლებდით პირბადე ეკეთა თუ არა.
ამ კონკრეტულ სტუდენტს უნივერსიტეტში ყოფნის დროს არ ჰქონდა სიმპტომები. გვიან ღამე გამოუვლინდა სიმპტომები და დარეკა დეკანთან. ჩვენ ვურჩიეთ, რომ აღარ მოსულიყო უნივერსიტეტში და გაეკეთებინა ტესტი. სამწუხაროდ ვირუსი დადასტურდა. იმ ფაკულტეტს, სადაც ეს სტუდენტი სწავლობს, ცალკე, იზოლირებული ფლიგელი აქვს, რომელსაც ჩაუტარდა დეზინფექცია. ასევე, სტუდენტს ეკეთა პირბადე. შეხება ჰქონდა რამდენიმე ჯგუფელთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ ეპიდემიოლოგებთან. დავირუსებული სტუდენტის ის ჯგუფელები, რომლებთანაც შეხება ჰქონდა, გავაფრთხილეთ და ისინიც ჩაიტარებენ ტესტებს".- აცხადებს ბექა კოკაია.
დღეს, 13 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 152 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 9-ით გაიზარდა. ამ მონაცემებით ქვეყანაში ვირუსის 2227 შემთხვევაა, მათგან 1369 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 - კი გარდაიცვალა.