logo
ENG



თავმჯდომარის კაბინეტი: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პაპუაშვილი დისტანციურ რეჟიმში მუშაობს

08 აპრ 202223:40
3 წუთის საკითხავი
 
თავმჯდომარის კაბინეტი: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პაპუაშვილი დისტანციურ რეჟიმში მუშაობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში მიწვევის წერილი მხოლოდ მაშინ მიიღო, რაც კასიანოვის განცხადების შემდეგ თავმჯდომარის კაბინეტი თავად დაუკავშირდა უკრაინის საელჩოს და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.

თავმჯდომარის კაბინეტი იმავე განცხადებაში წერს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შალვა პაპუაშვილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

„საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა დღეს, 8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს გუშინ, 7 აპრილს გაეგზავნა უკრაინის რადას თავმჯდომარის მოსაწვევი წერილი, რომელზეც მას პასუხი არ მიუღია -  რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

​წერილი არა თუ გუშინ, არამედ, დღესაც უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ბრიფინგის დროსაც კი არ იყო პარლამენტში შემოსული.

საელჩოდან წერილი გამოიგზავნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.

იმედს ვიტოვებთ, საქართველოში უკრაინის საელჩო მომავალში თავიდან აიცილებს მსგავს გაუგებრობას.

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ყოველთვის ღია და მზად არის საელჩოსთან შესაბამისი კომუნიკაციისთვის.

აქვე, გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პარლამენტის თავმჯდომარე გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.“ - წერია საქართველოს თავმჯდომარის კაბინეტის განცხადებაში.

***

შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 აპრილს, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი თვალით სანახავად პარლამენტარები მიიწვიეს.

როგორც მან საელჩოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოწვევა გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

პარლამენტის პრესსამსახურმა ფორმულას განუცხადა, რომ მიწვევა არ მიუღიათ.

მოგვიანებით კი ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევაზე განაცხადა, რომ ალბათ, პაპუაშვილი ავადაა და ამიტომ არ ეხმაურება ამ საკითხს.

"ჩვენ არსად ჩასვლის პრობლემა არ გვაქვს. ამ საკითხს ალბათ ბატონი შალვა თავად უპასუხებს. მე მგონი ავად არის შალვა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

თავად შალვა პაპუაშვილმა კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა. ის აცხადებს, რომ რადას თავმჯდომარის მხრიდან სხვა პარლამენტების თავმჯდომარეებთან ერთად მიიღო მიწვევა, თუმცა არ ამბობს აპირებს თუ არა ბუჩაში ჩასვლას. 

პაპუაშვილი აცხადებს, რომ სურს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიაზრონ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი.

პაპუაშვილის თქმით, უკრაინის მხრიდან სხვადასხვა საკითხის "განუმარტებლობის ფონზე" ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ მიაჩნია. 


close დახურვა