logo
ENG



თალაკვაძე: ასეთი პლაკატები, შეიძლება, კიდევ გამოჩნდეს, შესაძლოა, ეს გააკეთოს ენმ-მაც

24 ივლ 202123:05
3 წუთის საკითხავი
 
თალაკვაძე: ასეთი პლაკატები, შეიძლება, კიდევ გამოჩნდეს, შესაძლოა, ეს გააკეთოს ენმ-მაც

პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე ქუჩებში სიძულვილის ენის შემცველი პლაკატების გაკვრას ეხმაურება და არ გამორიცხავს, რომ მსგავსი პლაკატები მომავალში კიდევ გამოჩნდეს. 

ამასთან, მმართველი გუნდის წევრი ხელს ისევ ნაციონალური მოძრაობისკენ იშვერს და ამბობს, რომ პლაკატები, შესაძლოა, ენმ-მ თავად გაავრცელოს. 

"ჩვენი საარჩევნო ვიზუალური მასალა და პლაკატები არის უკვე ქალაქში, სადაც ჩვენი კანდიდატი და თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი, კახა კალაძეა. 

ჩვენი პლაკატები არის ეს პლაკატები, სადაც ჩანს ჩვენი სიმბოლიკა, სადაც ჩანს ჩვენი კანდიდატი და შესაბამისად, ჩვენი გზავნილები ამ პლაკატებზეა მოცემული. 

რაც შეეხება ასეთი ტიპის პლაკატებს, რომელიც არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში, შეიძლება, კიდევ გამოჩნდეს, შესაძლოა, ეს გააკეთოს ნაციონალურმა მოძრაობამაც და ვხედავთ, რომ მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფები წინა დღეებში აკრავდნენ პლაკატებს, რომლებიც ხელს უწყობდა ამ პოლარიზაციას და დაპირისპირებას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ იმედის ეთერში. 

თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენელეთა საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა

პლაკატებზე გამოსახულნი არიან კრიტიკული არხების მედიამენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. კონკრეტული ადამიანები გამოსახულნი არიან ცისარტყელას ფონზე.

უცნობია, ვისი ინიციატივით დაიბეჭდა და გავრცელდა პლაკატები. ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, სიძულვილის ენას წინასაარჩევნოდ ყოველთვის აქტიურად იყენებს მმართველი პარტია და აღნიშნული პლაკატების გამოჩენასაც სწორედ ქართულ ოცნებას უკავშირებენ.

მოგვიანებით თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომლებმაც პლაკატები გააკრეს და ისინი დაჯარიმდებიან. 


close დახურვა