logo

თალაკვაძე: ხელს ვაწერთ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს

16 აპრ 202117:10
3 წუთის საკითხავი
clock 2029

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული ოცნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს აწერს.

ამის შესახებ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა დოკუმენტს ხელი ამ დრომდე იმიტომ არ მოაწერა, რომ ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდა. 

"დღეს, ქართული ოცნება, საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაზეც არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში. დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ", - თქვა თალაკვაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა.

მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.

დოკუმენტში წარმოდგენილი იყო შემდეგი პუნქტები:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
  • მომავალი არჩევნები

ევროპარლამენტარებმა დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუება გამოთქვეს და პასუხისმგებლობა მონაწილე მხარეებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას დააკისრეს.

იმის გამო, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

close დახურვა