პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ ტვ პირველის მიერ ჩანაწერების გამოქვეყნების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც "ზიზღსა და დაპირისპირებას" ავრცელებენ.
თალაკვაძე ზოგადად ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხსაც ეხმაურება და აღნიშნავს, ქართული ოცნების პირობებში ადამიანებზე ზეწოლა ფარული ჩანაწერების მეშვეობით არ მომხდარა. მისივე თქმით, ეს მმართველი გუნდის ხელწერა არაა.
"აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა დაგეგმილ, შავ საინფორმაციო კამპანიას ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ეს პირდაპირ, თუ დავაკვირდებით ამ კამპანიას, რაც იყო ორკესტრირებული და დაგეგმილი და ბევრი კითხვები არის, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ დიალოგის ამ მნიშვნელოვან მომენტს დაემთხვა ამ ყველაფრის გამოქვეყნება.
პირდაპირ ჩანს და აშკარაა, რომ ამის უკან დგანან ადამიანები, ვინც ავრცელებენ ზიზღს, ხელს უწყობენ, რომ პოლიტიკის ურთიერთობაში იყოს მეტი ზიზღი და დაპირისპირება. ეს არის ჰეითერობა და ჰეითერობა თანამედროვე სამყაროში არის სირცხვილი", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ის ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხარეებმა განცხადებები გააკეთეს და გამოძიებაც დაწყებულია.
"რაც მოხდა ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ - ეს არის ჰეითერობა, რაც ხელს უშლის საზოგადოებაში შეთანხმებას და ამით არის დაკავებული სააკაშვილის გუნდი წლების განმავლობაში", - თქვა თალაკვაძემ.
11 მარტს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების, "წინააღმდეგობის გაწევისას" კი "იძულების პროპორციული ზომის" გამოყენების უფლება მისცა. ფრაზა იძულებაზე აღნიშნულია მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის განჩინებაში, რომელიც ტელეკომპანიამ 10 მარტს მიიღო.
მოგვიანებით, პროკურატურამ მოსამართლის განჩინებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია "ტელევიზიაში შეჭრაზე", სიცრუეა.
ფორმულას კითხვას, გათვალისწინებულია თუ არა "იძულების" ზომა წინააღმდეგობის შემთხვევაში, უწყებაში არ პასუხობენ. პროკურატურის პრესსამსახური მხოლოდ განმარტავს, რომ "არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას".
***
ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.
ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.
ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.
პროკურატურამ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.