logo
ENG



თარგამაძის Op-Ed: მტერს ღვინოს ვასმევთ, თანამოქალაქეს კი დათვის ტყვიას ვესვრით

29 ნოე 202020:09
3 წუთის საკითხავი
 

წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, საგანგებოდ მოყვანილი ბრიგადა გულმოდგინედ შლიდა პროტესტის კვალს პარლამენტის წინ აღმართულ რკინის ჯებირზე. ეს იმისთვის, რომ დღეს დილით, ყველაფერი, სუფთა და კრიალა ყოფილიყო. თითქოს არც "ბიძინახუი" უნახავს და წაუკითხავს ვინმეს და არც მოქალაქეების ყველაზე აქტიურ ნაწილს გამოუხატავს პროტესტი, რომელიც კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდის და ამ შემთხვევაში ჩემი უმცროსი კოლეგის, ფორმულას გადაცემა "პლატფორმას" წამყვანის, თათუშა არველაძის ჯანმრთელობის დაზიანებით დამთავრდა.

გავრილოვიადამ კი ოცნების საქართველოში ამ ახალი გამოვლინებით შეგვახსენა თავი: გავრილოვის პროტესტი "ქართველი ნაციონალისტების" ანტირუსული პროვოკაციაა; ბორდერიზაცია და ადმინისტრაციულ ხაზთან გატაცებული თუ დახოცილი ადამიანებიც, ანტირუსული პროვოკაციის შედეგი; თურმე საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და ესეც ანტირუსული პროვოკაციაა. თუ საქართველოში ვინმე რამე ღირებულს და ღირსეულს იტყვის ისიც ანტირუსული პროვოკაციაა და საერთოდ საქართველო რომ არსებობს, როგორც სახელმწიფო - ესეც ანტირუსული პროვოკაციაა... თუმცა, თუ კარგად მოვიქცევით და ანტირუსულ პროვოკაციებს შევწყვეტთ, ანუ სახელმწიფო აღარ ვიქნებით, მოსკოვი კოვიდის დამარცხებაშიც დაგვეხმარება, ვაქცინებსაც მოგვაშველებს, პირდაპირ ავიამიმოსვლასაც აღადგენს და აფხაზეთის რკინიგზის გახსნითაც გვასარგებლებს ისე რომ არაფერს გვკითხავს, რამდენად შეესაბამება ეს ამ ეტაპზე მის მიერვე დანაწევრებული საქართველოს ინტერესებს. ეს, არც მეტი არც ნაკლები, აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრის მოკლე შინაარსია, რომელსაც საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელი რაღა თქმა უნდა არ ეთანხმება, მაგრამ მთავარია, რომ კარასინი ეთანხმება. და იმის ნაცვლად, რომ მოსკოვის მხრიდან ამ უპრეცედენტო თავხედობას თბილისი დროულად და პრინციპულად პასუხობდეს (ჩვენი საგარეო უწყების დაგვიანებული და შიშნარევი პასუხი არ გამოდგება), ვხედავთ როგორ აქტიურად იზელს რუსულ ლაფს ქართული ოცნება და როგორი ენთუზიაზმით უშვერს მორიგი დარტყმისთვის გამზადებულ მოსკოვს, მეორე ლოყას და კიდევ სხვა ყველაფერს რისი მიშვერაც შეიძლება. აი, ნამდვილი ქრისტიანული სათნოება, ერთმორწმუნე მტერიც კი უყვართ და უდრტვინველად იტანენ ყოველგვარ შეურაცხყოფას. აბა ომს ხომ არ დაიწყებენ... ერთი წამით ვიღაცამ მართლა შეიძლება დაიჯეროს ოცნების სულგრძელობისა და ქრისტიანული ფასეულობების ერთგულების, რომ არა მათი დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ: უკიდურესი სიძულვილის ენით ნაკვები და მტრის ხატზე აგებული შიდა პოლიტიკა, რეზინის ტყვიები, დათხრილი თვალები და უკუღმართი კოვიდსტრატეგიით ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გულგრილად შეწირული ადამიანები.

დიახ! ისინი დაუცველთან სასტიკები და დაუნდობლები, ძლიერთან კი მორჩილები და ვითომდა "ქრისტიანები" არიან. "კაცს თავზე აფსამდნენ და ის კიდევ იძახდა რა კარგი წვიმა მოდისო" - სწორედ ამ მდგომარებაშია დღეს ქართული ოცნება და რა გამართლებაც არ უნდა მოუძებნოს ვინმემ ივანიშვილის ხელისუფლების დღევანდელ პოზას, ამით სამწუხარო რეალობა არ იცვლება. რით დაიმსახურა ჩვენმა ხელისუფლებამ ასეთი შემოლაწუნება და თავლაფდასხმა კრემლის მხრიდანო, იკითხავთ ალბათ. არგაღიზიანების პოლიტიკით ივანიშვილი ხომ ფაქტობრივად ყოველთვის ხელ-ფეხს უხსნიდა მოსკოვს. მაგრამ, დღევანდელ რეალობაში ეს საკმარისი აღარ არის. მოსკოვის მხრიდან ცინიზმისა და თავხედობის ასეთი ხარისხი, იმაზე მეტყველებს, რომ რეგიონის შეცვლილ უსაფრთხოების არქიტექტურაში, ის საქართველოს აღარ განიხილავს, როგორც სახელმწიფოს, რომელსაც ლეგიტიმური და საზოგადოების ფართო მხარდაჭერით მოსული ხელისუფლება ჰყავს. არამედ ხედავს როგორც ტერიტორიას, რომელსაც მისივე ვასალი არალეგიტიმურად მართავს და რომელსაც კრემლი ლოიალურობის მიუხედავად მონათმფლობელივით ექცევა და პირდაპირ ბრძანებებს აძლევს. ამ ბრძანების ნაწილია, აბაშიძე-კარასინის ფორმატში ფსოუზე საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის 2011 წლის შეთანხმებაზე საუბრის გააქტიურება, რაც, სომხეთის პრემიერის ახალი სარკინიგზო მარშრუტების შესახებ განცხადების და სოჭში პუტინი-ბჟანიას შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ, აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ მოსკოვი აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის საშუალებით ერევანთან სახმელეთო მარშრუტის ამოქმედებას გეგმავს. საქართველოს კი ამ ხელისუფლების პირობებში აღარც არაფერს კითხავს, მხოლოდ ბრძანებებს მისცემს. ხოლო ლოყისა თუ სხვა რაღაცების მოსკოვისთვის მიშვერა რეგულარულ ხასიათს მიიღებს. ოდითგანვე ქართველები მტერს მახვილით, მეგობარს კი სავსე ღვინის თასით ვხვდებოდით და სწორედ ეს იყო ის მორალური კოდექსი, რომელიც ქრისტიანული ფასეულობების პრაქტიკულ გამოხატულებას წარმოადგენდა რეალურ ცხოვრებაში. ჩვენ ყოველთვის კარგად ვიცოდით, როდის გვემუსრა მტერი დაუნდობლად და როდის და ვისთვის მიგვეშვირა მეორე ლოყა. დღეს სამწუხაროდ კომპასი არეულია: მტერს ღვინოს ვასმევთ და მეორე ლოყას ვუშვერთ, ხოლო მოყვარეს, მეგობარს და თანამოქალაქეს სასტიკად ვუსწორდებით, სიტყვით ვკოდავთ, დათვის ტყვიას ვესვრით და სნეულებისთვის და შიმშილით სიკვდილისთვის ვწირავთ. ბიძინას თათუშასთან აქვს დიდი გული, თორემ ვლადიმერ ვლადიმერის ძე მისთვის თავად გულისგულია!


close დახურვა