logo
ENG



თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

06 ოქტ 202014:37
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველკლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მოსწავლე სკოლაში ბოლოს პარასკევს, 2 ოქტომბერს, მივიდა. ის ამბობს, რომ ბავშვი მეორე დღეს, შაბათს, დაინფიცირდა წვეულებაზე.

სკოლის დირექტორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსწავლის დაინფიცირების შესახებ მათთვის გუშინ,  5 ოქტომბერს, გახდა ცნობილი.

სკოლაში სწავლება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება პირველკლასელებს, 29 ბავშვი ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია და სწავლას ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში დეზინფექცია ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩაატარეს.

"ჩვენთან სწავლა იწყება 12-საათზე. დილით არის ონლაინ გაკვეთილები, აქედან გამომდინარე, დღის პირველმა ნახევარმა მოგვცა იმის საშუალება, რომ რეკომენდაციები, რაც მივიღე მე დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან, რომ დეზინფექცია გაგვეკეთებინა სკოლისთვის და ინფორმაცია მიგვეწოდებინა ბავშვებისთვის, შესრულებულია," - აცხადებს სკოლის დირექტორი.

ასევე, როგორც დირექტორმა თქვა, ეპიდემიოლოგებისთვის უკვე ცნობილია ყველა იმ ბავშვისა და მასწავლებლის სია, რომლებსაც დაინფიცირებულ მოსწავლესთან შეხება ჰქონდათ.

"ჩვენ კონტროლის ცენტრს გადავეცით ყველა იმ ბავშვის სია, რომელიც ამ კლასში ირიცხება. მათი საკონტაქტო ნომერი, დამრიგებლის საკონტაქტო ნომერი, ეპიდემიოლოგებმა დღეს დაიწყეს მათთან მუშაობა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს ბავშვები გადავიდნენ თვითიზოლაციაში", - ამბობს დირექტორი.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, სასწავლო პროცესი სკოლებში აღდგა. მანამდე ამ ქალაქებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

29 სექტემბერს, საქართველოს განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება. უწყების განმარტებით, ყველა მასწავლებელი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.


close დახურვა