logo
ENG



თეა წულუკიანს ყოფილი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის

12 ივნ 202020:27
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ყოფილი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის. ქუთაისის მე-2 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის უფროსი მინისტრს სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას სთხოვს. შორენა ჯიმშელეიშვილი თანამდებობიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. მიზეზად კი მინისტრის სამსახურებრივ დაცულ სისტემაში შეღწევა დაუსახელეს. მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში წერია, რომ ამ სისტემაში 4 თვის განმავლობაში პერიოდულად შედიოდა, რითიც საფრთხე შეუქმნა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას. 

შორენა ჯიმშელეიშვილი მძიმე ემოციური ფონის გამო, მედიასთან აღარ ლაპარაკობს. „რადიო თავისუფლებას“ კი უთხრა, რომ არ იცოდა, თუ მინისტრის რეალურ ფოსტაში შედიოდა. მისი ინფორმაციით, სისტემა სატესტო რეჟიმში მუშაობდა და თანამშრომლები სხვადასხვა დავალების შესრულებაში ვარჯიშობდნენ. დოკუმენტების წარმოების სისტემა იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანების შემდეგ შეიცვალა, ამიტომ თანამშრომლებს მისი ხელახლა შესწავლა მოუწიათ. სისტემაში შესასვლელად კი ყველა თანამშრომელს საკუთარი სახელი და გვარი და ერთნაირი პაროლი - ციფრი 1 სჭირდებოდა. ასეთი კი ათობით ადამიანი იყო. 

ახალი პროგრამის შესასწავლად თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში სპეციალურ ტრენინგზეც ჩაიყვანეს. მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში წერია, რომ მან მინისტრის ფოსტაში 71 ჯერ შეაღწია. შორენა ჯიმშელეიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ის ფოსტაში 4 ჯერ შევიდა და სხვადასხვა ოპერაცია განახორციელა, რაც ფოსტაში შეღწევის რაოდენობებსაა დამატებული. უკანონო შეღწევის გამო კი ის შესაბამისმა პირებმა განზრახ არ გააფრთხილეს. 

ამ შემთხვევას საგანგაშოდ მიიჩნევენ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები. მათთვის ბუნდოვანია, რატომ არ იყო გარკვევით ახსნილი თანამშრომლებისთვის სისტემა სატესტო რეჟიმში მუშაობდა თუ არა, რატომ იყო პაროლი ასეთი მარტივი და ყველასთვის საერთო. სპეციალისტებისთვის ასევე გაურკვეველია, რატომ დაკმაყოფილდა სამინისტრო თანამშრომლის მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლებით, თუ მართლა დაცულ ფოსტაში შეღწევას ჰქონდა ადგილი, რადგან ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

ოპოზიციისთვის ეს შემთხვევა სამინისტროში სისტემური არეულობისა და მინისტრის მხრიდან კანონის უგულებელყოფის მაჩვენებელია. მათ მიაჩნიათ, რომ თეა წულუკიანი პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანას ცდილობს. 

შემთხვევასთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებენ არც იუსტიციის სამინისტროში და არც სასჯელაღსრულების განყოფილებაში. შორენა ჯიმშელეიშვილი და მისი ადვოკატი კი უკვე სასამართლო განხილვების დაწყებას ელოდებიან. არსებითი განხილვისთვის პროცესი მალე უნდა ჩაინიშნოს.

 


close დახურვა