თელავში, სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმროში ქორწილის დროს მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს ოფიციალურად ბრალი წარუდგინეს. საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი დადგენილება მას გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, ჭიღლაძეს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით არის გათვალისწინებული.
ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რომ ჭიღლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდოს. ამ საკითხზე თელავის რაიონული სასამართლო, წინასწარი ინფორმაციით, 21 ივლისს იმსჯელებს.
გამოძიების მასალების მიხედვით, შემთხვევა 18 ივლისს ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. შსს-ის ცნობით, სასტუმროში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და ქორწილის სტუმრებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო. სამინისტროს ვერსიით, უცხოელებმა აივნიდან ქორწილში მყოფ პირებს შეურაცხყოფა მიაყენეს და მუსიკალურ აპარატურას წყალი გადაასხეს, რის შემდეგაც დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
გამოძიება მიიჩნევს, რომ ამ ინციდენტის დროს გიორგი ჭიღლაძემ ფიზიკურად იძალადა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალზე. დაშავებული სამედიცინო დახმარებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს.
ამავე საქმესთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოება მიმდინარეობს მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილის მიმართაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იგი პოლიციაში მოწმის სტატუსით იყო დაბარებული, თუმცა, უწყების ცნობით, მან სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პოლიციის განყოფილებაში ნივთების შესანახი კარადა დააზიანა.
