logo

თენგიზ ცერცვაძე პრეპარატ რემდესივირთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

clock 03 მაი 202021:46
fsomh6jvumz6md9.jpg

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების პრეპარატ „რემდესივირით“ მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩატარებული საერთაშორისო კლინიკური კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა რემდესივირის ეფექტიანობა და წინასწარი მონაცემებით, შედეგები დამაიმედებელი აღმოჩნდა. კერძოდ, რემდესივირით მკურნალობამ უზრუნველყო პაციენტთა გარკვეული ნაწილის შედარებით უფრო მოკლე დროში გამოჯანმრთელება.

„ა.წ. 1 მაისის გადაწყვეტილებით აშშ FDA-მ მძიმედ მიმდინარე COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ, კლინიკურ კვლევებში მყოფი მედიკამენტებიდან რეკომენდაცია მისცა მედიკამენტ რემდესივირის (Remdesivir) გამოყენებას. ანალოგიური რეკომენდაცია აშშ FDA-იმ ა.წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით კლინიკურ კვლევებში მყოფ კიდევ ერთ მედიკამენტ - ჰიდროქსიქლოროქინს (პლაქვენილს) მისცა, რომელიც საქართველოში უკვე წარმატებულად გამოიყენება  COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ.

პრეპარატ რემდესივირზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. იგი  თავის დროზე  შეიქმნა ამერიკული კომპანია Gilead Science-ის მიერ ებოლას ცხელების სამკურნალოდ, მაგრამ ამ დაავადების დროს ეფექტიანი არ გამოდგა.

ა.წ. 29 აპრილს აშშ-ს ნაციონალური ინსტიტუტების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის (NIH/NIAID) დირექტორმა და დარგის ლიდერმა პროფესორმა Anthony Fauci-იმ განაცხადა, რომ მისი ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ჩატარებული საერთაშორისო კლინიკური კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა რემდესივირის ეფექტიანობა COVID-19-ის სამკურნალოდდა წინასწარი მონაცემებით მიღებულია დამაიმედებელი შედეგები, კერძოდ რემდესივირით მკურნალობამ უზრუნველყო პაციენტთა გარკვეული ნაწილის შედარებით უფრო მოკლე დროში გამოჯანმრთელება. პროფესორმა Anthony Fauci-იმ ისიც აღნიშნა, რომ მედიკამენტი რემდესივირი შესაძლოა COVID-19-ით პაციენტების ძირითადი სამკურნალო საშუალება გახდეს.

შესაბამისად, აშშ FDA, სადღეისოდ არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რემდესივირს COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიან მედიკამენტად მიიჩნევს. თუმცა ეს მაინც წინასწარი ვარაუდია და აღნიშნული მედიკამენტის რეალური ეფექტიანობის დადგენა და შესაბამისად მისი საბოლოოდ ოფიციალური დამტკიცება შესაძლებელი გახდება მიმდინარე სხვა მასშტაბური კლინიკური კვლევებით მიღებული შედეგების გაანალიზების შემდგომ.

წყარო: https://www.medscape.com/viewarticle/929685

https://www.cbsnews.com/news/fauci-remdesivir-coronavirus-treatment/“, - ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა