აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. როგორც თეონა ხარაბაძე აცხადებს, ჟურნალისტებს აქვთ ინფორმაცია, რომ ტელევიზიაში მათი საუბრები სუს-ის მიერ ისმინებოდა.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იგეგმება ნიუსრუმში, ისე ხდება, რომ შემდეგ ჩვენ საუბრებს ან დირექტორი ან მენეჯმენტის რომელიმე რგოლი სხვადასხვა შეხვედრაზე გვახვედრებს. ჩვენი საუბრები თითქოს მათ იციან, გვიჩნდება კითხვა, საიდან იციან და გვაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეულწილად იმ პროცესებში, რაც ახლა მაუწყებელში მიმდინარეობს, არის სუსის მიერ კონტროლი. თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს იყო დაგეგმილი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ და როგორც ჩანს ეს პროცესი, რადგან ვერ მიაღწიეს შედეგს, გადაიბარა ცენტრალურმა ხელისუფლებამ, თუმცა ვერც ამჯერად მოხერხდა სასურველი მიზნის მიღწევა და როგორც ჩანს, ბოლო რგოლი ასეთ ვითარებაში არის სუსი“, - განაცხადა თეონა ხარაბაძემ.
აჭარის მაუწყებლის თანამშრომლებმა პირდაპირ ეთერში პროტესტი წუთიერი დუმილით გამოხატეს. „აჭარის ტელევიზია სუს-ია“ ამ სლოგანით გააპროტესტეს ჟურნალისტებმა ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის საქმიანობა.