საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ განცხადებას სოციალურ ქსელში კიდევ ერთი კონგრესმენი ავრცელებს. „ტვიტერის“ მიკრობლოგზე ვილ ჰარდი წერს, რომ ჰონგ-კონგისა და ირანის გარდა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს საქართველოშიც.
„ეს არის თავისუფლების მოყვარე ხალხი, რომელიც ებრძვის რუსულ ჩაგვრას და მოითხოვს, რომ მათმა მთავრობამ განახორციელოს დაპირებული დემოკრატიული რეფორმები. მოხარული ვარ, რომ კონგრესი მხარს უჭერს მათ ორპარტიული გზით“, - წერს კონგრესმენი.
ოპოზიცია ამბობს, რომ პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა ოცნებამ უნდა გადადგას, არის ის, რომ შეასრულოს დანაპირები, რაც საზოგადოებას მისცა და რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემას ეხება. გარდა ამისა, შეუთანხმდეს მთელ ოპოზიციურ სპექტრს საარჩევნო სისტემაზე.
„თალაკვაძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში არის თვალის ასახვევად და წარმოსაჩენად იმ მდგომარეობისა, თითქოს ხელისუფლება ცდილობს რაღაცა სიმართლე გააცნოს მოკავშირეს. ჭეშმარიტება არის ერთი - პროპორციული არჩევნები უნდა დაიდოს მაგიდაზე, ამას თუ არა აკეთებ, სხვა ყველაფერი აბსოლიტურად მეასეხარისხოვანია ყველასთვის, კონგრესმენებისთვისაც და სენატორებისთვისაც. ასეთი ვიზიტების შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ გაძლიერდა კრიტიკული განცხადებების რაოდენობა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხდებით, ქართული ოცნება მოძალადე დეგრადანტებს ეფუძნება.
სენატორების გუშინდელ განცხადებაზე ივანიშვილის პასუხი იყო, ეს ვიღაც ძუნძგლიანები, რომ მიუგზავნეს გვარამიას. ერთი თვის წინ მე და გოკა გაბაშვილს ორი ვითომ სპორტსმენი მოგვიგზავნეს. ქართული ოცნება ეფუძნება ასეთ მოძალადე დეგრადანტებს, რადგან მათ მეტი პოლიტიკური რესურსი არ გააჩნიათ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, კი ივანიშვილის რეჟიმი სენატორების და კონგრესმენების კრიტიკის შემდეგ, მალე სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც მიიღებს კრიტიკულ გზავნილებს.
„კობახიძე-კუჭავა-ბერაიას ტრიადამ ვერაფერი უშველა. პირიქით, კიდევ უფრო გაამწვავა ის კრიტიკა, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ისმენს. ეჭვი მაქვს თალაკვაძის ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გამკაცრდება და ჩემი აზრით ძალიან მალე სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც ივანიშვილის რეჟიმი ძალიან მწვავე გზავნილებს მიიღებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.