logo
ENG



თურნავა ნამახვანჰესზე: სამწუხაროა, რომ საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება

16 მარ 202111:18
3 წუთის საკითხავი
 
თურნავა ნამახვანჰესზე: სამწუხაროა, რომ საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მინისტრის გადაყენება პრემიერმინისტრის პრეროგატივაა და არა "რომელიმე აქტივისტის მიერ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა". ასე ეხმაურება ის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა ერთერთ მოთხოვნას, თურნავას თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით.

თურნავას განცხადებით, ულტიმატუმების ენა მიუღებელია. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის. ამის დასტურია ისიც, რომ ორი დღის წინ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ეკოლოგიასთან, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან.

რასაკვირველია, ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა. რაც შეეხება გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის გადაყენება ან დანიშვნა, ეს არის პრემიერმინისტრის პრეროგატივა და არა რომელიმე აქტივისტის მიერ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები და გადაწყვეტილებები მივაწოდეთ მოსახლეობასაც და ექსპერტებსაც... ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ენერგეტიკა, ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო ძლიერი და მოწოდებები, რომ ჩაიშალოს, გავაგდოთ ინვესტორი, გაჩერდეს, არ ავაშენოთ, ეს არ არის ჩვენი ლექსიკა, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ წელს. ყველანი განვითარებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ", - თქვა თურნავამ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში მორიგი საპროტესტო აქცია კვირას, 14 მარტს გაიმართა. აქციის მოთხვნები იყო - დატოვოს ხეობა კომპანია ენკამ,  გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული ნებართვა და მასზე დაფუძნებული დოკუმენტები. დამატებით, ისინი ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან თურნავას გადადგომას ითხოვდნენ. აქციაზე თქვეს, რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდება, აქციები თბილისში გადმოინაცვლებს.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ. 

მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

აქტივისტებმა ეკონომის მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრა მოითხოვეს. თურნავა სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად მათ შეხვდა კიდეც, თუმცა, შეხვედრა კითხვებზე პასუხის გარეშე, რამდენიმე წუთში დატოვა. სწორედ ამის შემდეგ დაემატა დემონსტრანტების მოთხოვნებს თურნავას გადადგომა. 

ქუთაისის აქციებს წინ უძღოდა პროტესტი რიონის ხეობაში. დემონსტრანტებს ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი. ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალა. 

ორგანიზაცია EMC ამბობს, რომ ხელისუფლებამ ინვესტორს ტერიტორია 99 წლით, სიმბოლურ ფასად გადასცა გადასცა, ამასთან, შეთანხმებაში არის პუნქტი, რომ კომპანიას უფლება აქვს, 15 წლის შემდეგ საქართველოს ელექტროენერგია არ მიაწოდოს. 

ორგანიზაციის შეფასებით, ნამახვანის კასკადის პროექტი სამართლებრივ დარღვევებს, მაღალ სოციალურ და ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს 

ორგანიზაციის მოკვლევით, აშენების შემთხვევაში, ნამახვანის ჰესების კასკადი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი გახდება საქართველოს ტერიტორიაზე. კასკადი ორი ჰესისგან შედგება და მათი საერთო სიმძლავრე 430 მეგავატს აღემატება. პროექტში, რომლის მთლიანი ღირებულება 700 მილიონ დოლარს აჭარბებს, რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორი და სამშენებლო კომპანია მონაწილეობს. არსებული პროექტი მოიცავს 15 კილომეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასაც.

კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს - ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრს შეადგენს.

EMC ამბობს, რომ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მაღალია მისი პოტენციური ზეგავლენა ადგილობრივ სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე, ისევე როგორც ზეგავლენასთან დაკავშირებული რისკები. დასატბორ ტერიტორიაში ხვდება 110 ოჯახი, რომლებიც შესაძლოა გამოასახლონ. ზეგავლენის არეალში ექცევა 20-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რამდენიმე სოფელი და 10-ზე მეტი არქეოლოგიური ობიექტი.


close დახურვა