logo
ENG



თურქეთის დახმარების მიზნით სომხეთ-თურქეთის საზღვარი ბოლო 35 წელში პირველად გაიხსნა

11 თებ 202320:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/11/nt0tuvgw0n1xjcd.jpg

თურქეთის სამხრეთ ნაწილში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის დახმარების მიზნით თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვარი ბოლო 35 წელში პირველად გაიხსნა.

ინფორმაციას თურქული სახელმწიფო გამოცემა Anadolu ავრცელებს.

სომხეთში თურქეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა სერდარ კილიქმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც 2 ქვეყნის საზღვარზე ალიკანის სასაზღვრო პუნქტთან სატვირთო მანქანები ჩანს.

„მე ყოველთვის მემახსოვრება სომეხი ხალხის მიერ გამოგზავნილი გულუხვი დახმარება, რომელიც თურქეთის მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში ჩვენი ხალხის ტანჯვის შემსუბუქებაში დაგვეხმარება“ - განაცხადა კილიქმა.

Anadolu-ს ინფორმაციით, ეს სასაზღვრო პუნქტი ბოლოს სომხეთში 1988 წელს მომხდარი მიწისძვრისას თურქეთის წითელი ჯვრიდან დახმარების მიწოდების მიზნით გაიხსნა.

თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური და სავაჭრო კავშირი 1990-იან წლებში გაწყდა. ამის მიზეზი 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მკვლელობა გახდა. სომხეთის თქმით, ოტომანთა იმპერიამ 1.5 მილიონი სომხეთის მოქალაქის გენოციდი მოაწყო.

თურქეთი აღიარებს, რომ სომხეთის მოქალაქეები პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის ძალებთან შეტაკებებისას დაიღუპნენ, თუმცა არ ეთანხმება რიცხვს და უარყოფს, რომ ეს გენოციდი იყო.

2021 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხი ხალხის მასობრივი ხოცვა გენოციდად აღიარა, ის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტია, რომელმაც სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღისთვის მიძღვნილ განცხადებაში 1915 წლის მოვლენებს "გენოციდი" უწოდა. 

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.

მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრებიან.

 

close დახურვა