პანორამა თბილისი იყიდება. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პროექტს, რომელიც მწვავე საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე რამდენიმე წლის წინ წამოიწყო და ჯერ არ დაუმთავრებია, მსურველს 30%-მდე ფასდაკლებით მიყიდის. რა ფასის გადახდა მოუწევს პოტენციურ ინვესტორს, იმ შემთხვევაში თუ მილიარდერმა პანორამა მართლაც გაყიდა, ჯერ უცნობია, თუმცა ამ პროექტისთვის ივანიშვილს სახელმწიფო მიწები თაბორის მთასა და პუშკინის სკვერში სიმბოლურ ფასად 1 ლარად აქვს ნაყიდი.
რამდენიმე მსხვილი ბიზნეს პროექტის გაყიდვის შესახებ ბიძინა ივანიშვილი „ენტერპრენერ ჯორჯიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. ის აცხადებს, რომ ყიდის შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფსაც“. „ქართული ოცნების“ ლიდერი ირწმუნება, რომ სასტუმროს გაყიდვა, რომელიც 120 მილიონ დოლარი დაუჯდა, ნახევარ ფასად გადაწყვიტა. ვრცელ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ზარალისთვის თავიდანვე მზად იყო, რადგან „პარაგრაფიც“ და პანორამა თბილისიც მისივე განმარტებით, საქველმოქმედო პროექტებია. ბიძინა ივანიშვილი უკვე ყიდის იმასაც, რაც ჯერ სახელმწიფოსგან არც თავად უყიდია - წყალტუბოს სასტუმროებს. ინტერვიუდან ირკვევა, რომ რომ სახელმწიფო ობიექტებს სათითაოდ გაყიდის და თავისთვის მხოლოდ იმას დაიტოვებს, რაც გაუსხვისებელი დარჩება.
ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის ყიდვა-გაყიდვის გეგმები მის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, ცდილობს საკუთარი ფინანსური სარგებელი ქველმოქმედებად შეფუთოს და ყოველი არჩევნების წინ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს. მისივე გუნდის წევრებმა კი ოლიგარქი დღეს ივანიშვილი სოციალურ მეწარმედ მოიხსენიეს. ივანიშვილის მიერ მსხვილი ბიზნეს პროექტების გასხვისების გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ გათვლას ხედავს ანალიტიკოსების ნაწილიც.
გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილი თავს უანგარო ქველმოქმედს უწოდებს და ამბობს, რომ ყველაზე ღირებული ქველმოქმედება რაც გაუკეთებია, მისი პოლიტიკაში ყოფნაა.