ოპოზიცია ხელისუფლებას შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებისკენ მოუწოდებს.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, თუ პოლიტპატიმრების საკითხი არ მოგვარდება, და ისინი არ გათავისუფლდებიან, ოპოზიცია შეთანხმებას შესრულებულად არ ჩათვლის და სამომავლო მოლაპარაკებებზე უარს იტყვის.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი დანაპირებს უკან არ წაიღებს.
"იმედია ყველა პუნქტი, რომელიც იქნა მიღწეული ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების დახმარებით, იქნება შესრულებული. დოკუმენტი ამ წუთისთვის არ მინახავს, რომელიც არის ინიცირებული. იმედი მაქვს "ქართული ოცნება" თვალთმაქცობის ხასიათზე არ იყო და ყველაფერი ის, რაც იყო შეთანხმებული, არის ასახული დოკუმენტში", - განაცხადა ნიკა მელიამ.
მოლაპარაკებების შედეგით კმაყოფილა "ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ოლქების საკითხზე კონსენსუსს მიაღწიეს.
"ოლქებთან შეთანხმება შედგა. თბილისში იქნება 8 ოლქი, 7-ის მაგივრად. ასევე გავიარეთ ყველა რეგიონი და იქაც შეთანხმება შედგა. ასევე ვნახავთ შეასრულებენ, თუ არა პოლიტპატიმრების ნაწილს. სულ ერთი სტატუსის თუ სტატუს გარეშე გამოვლენ ეს ადამიანები ციხიდან, მაგრამ თუ ეს პირობა არ შესრულდება, ყველანაირ თანაფარდობაზე ვიტყვით უარს და მოლაპარაკებებს გავაუქმებთ", - აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით კი, მმართველი გუნდი შეთანხმებას ზედმიწევნით ასრულებს. ამასთან, მისი თქმით, გამორიცხულია იმ საკითხების პოლიტიზირება, რომლებიც გამოძიებასთანაა კავშირში.
"ეს კანონპროექტი არის მომზადებული ზუსტად იმ შეთანხმების შესაბამისად. ოპოზიციასთან გვქონდა კონსულტაციები. 30-ვე ოლქი გავიარეთ და კონსენსუსს მივაღწიეთ. შეთანხმებას ვასრულებთ, გამოვრიცხავთ ყველანაირ პოლიტიზებას", - განაცხადა კობახიძემ.
მმართველ გუნდსა და ოპოზციის შორის შეხვედრა ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით კონსენსუსით დასრულდა. მხარეებმა ოლქებზე, ბლოკებსა და ე.წ ჩამკეტზე შეთანხმება შეძლეს. ახალი საკონსტიტუციო პროექტის პაკეტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. ის ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირეს.