logo
ENG



იმერლიშვილი:საკონსტიტუციო სასამართლოს ძალა არის ალტერნატივის არსებობაში

25 ივნ 202012:37
3 წუთის საკითხავი
 

როგორ წარიმართება საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი პროცესი, სადაც ახალი თავმჯდომარის ბედი უნდა გადაწყდეს. პლენუმი ბათუმში არჩევანს ორ კანდიდატს შორის გააკეთებს - მერაბ ტურავა, თუ ირინა იმერლიშვილი. 

ირინა იმერლიშვილის განცხადებით, განსხვავებული პოზიციების არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ძალა ალტერნატივის არსებობაშია.

„საკონსტიტუციო სასამართლოს ძალა არის ალტერნატივის არსებობაში, განსხვავებული აზრის დაფიქსირებაში - ამიტომ მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა, რომ თუნდაც ერთი განსხვავებული პოზიცია არსებობს - უნდა იყოს შესაძლებლობა ის დაფიქსირდეს", - აცხადებს ირინა იმერლიშვილი.

გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, მან ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა იმიტომ დააყენა, რომ ეს სწორი არჩევანია.

„ქალბატონი ირინას კანდიდატურა დავაყენე, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ. ეს არის სწორი არჩევანი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში უნდა იყოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული პოზიცია", - აცხადებს გიორგი კვერენჩხილაძე.

მანანა კობახიძის განცხადებით, მან არჩევანი პროფესიონალის სასრგებლოდ გააკეთა. 

„მე ჩემი პოზიცია გამოვხატე წარდგინებით, რომელსაც მოვაწერე - ჩემი ხედვები იცით. მე ყველა ჩემს კოლეგას პატივს ვცემ, ყველას აქვს თავისი ღირსება, მაგრამ მე არჩევანი გავაკეთე მის სასარგებლოდ, როგორც პროფესიონალის მიმართ. მას ხანგრძლივი სტაჟი აქვს სამოსამართლო საქმიანობის, ჩემი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ. კლანზე საუბარი უხერხულია, არ ვიცი რომელ კლანზეა საუბარი. ეს მოსამართლე წინა ხელისუფლების დროს იყო ძალიან უსამართლოდ განდევნილი, იმ პერიოდიდან ვაპროტესტებდით ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას. მე ჯერ კიდევ პარლამენტში დავუჭირე მას მხარი", - აცხადებს მანანა კობახიძე.

პლენუმის სხდომაზე დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აირჩევენ. თანამდებობაზე მერაბ ტურავას და ირინე იმერლიშვილის კანდიდატურა განიხილება. არჩეულმა თავმჯდომარემ პლენუმის 9 წევრისგან არანაკლებ 5 ხმა უნდა მიიღოს. არასამთავრობო ორგანიზაციები ტურავას გამარჯვებას პროგნოზირებენ. მათი თქმით, ის კლანის კანდიდატია.


close დახურვა