პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი Facebook-ზე ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას (ხმების ხმების 96.85%) ეხმაურება, რომელშიც პარტიას 3,18% აქვს აღებული და აცხადებს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
ინაშვილის თქმით, შეუძლებელია, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ამ არჩევნებში მიეღო 3%.
"შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის. მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს!", - წერს ინაშვილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმების 96.85% - 3 726 უბანი.
მონაცემების მიხედვით:
ქართულმა ოცნებამ ხმების 48,06% მიიღო
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 27,07%
ევროპული საქართველო - 3,79%;
პატრიოტთა ალიანსი - 3,18%
ლელო - 3,18%
სტრატეგია აღმაშენებელი - 3,15%
გირჩი - 2,92%
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,34%
ლეიბორისტული პარტია - 1%
ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს. პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ, სადაც მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.