ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ისაუბრა სასამართლოს დამოუკიდებლობასა და უცხოურ ინვესტიციებს შორის არსებულ კორელაციაზე - მან აღნიშნა, რომ ინვესტორებს უნდა ჰქონდეთ სასამართლო დავების სამართლიანად გადაწყვეტის იმედი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ინვესტიციას სხვაგან განახორციელებენ.
„ვისურვებდით რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია დებდეს ინვესტიციას საქართველოში და უფრო მეტი ქართული - ამერიკაში. კოვიდის პირობებში მნიშვნელოვანია ტვირთის ნაკადის შენარჩუნება. ფოთის პორტი სრული დატვირთვით მუშაობდა, რაც აჩვენებს, რომ ამ რეგიონში არსებობს მოთხოვნაც და შესაძლებლობაც. მაგრამ ფუნდამენტური რამ არის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ინვესტორებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩამოდიან ქვეყანაში, სადაც სასამართლო სისტემაა და სადაც დავები სამართლიანად გადაწყდება. ამის გარეშე ინვესტორები საკუთარ ფულს სხვაგან წაიღებენ", - განაცხადა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანმა, ასევე, ისაუბრა სენატორებისა და კონგრესმენების მიერ შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინისადმი გაგზავნილ წერილზე და განმარტა, რომ აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ, ხოლო თითოეულ მათგანში განცხადებები კეთდება საქართველოსადმი დადებითად განწყობილი ადამიანების მიერ.
„ჩვენი კონგრესი აღმასრულებელი შტოსგან დამოუკიდებელია და ვამაყობ, რომ ის დამოუკიდებლად მოქმედებს. ნებისმიერი სახის განცხადება შეერთებულ შტატებში კეთდება იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც სურთ საქართველოს წარმატებული მომავალი ჰქონდეს, რომ განაგრძოს ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და იყოს ძლიერი დემოკრატია", - ამბობს ელჩი.