logo
ENG



ინსპექციის ცნობით, კლუბების გახსნისთვის წესების დასადგენად მუშაობა მიმდინარეობს

19 დეკ 202117:20
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/19/5p81pscydj8s5rm.jpeg

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, მათი, თბილისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლობის ჩართულობით მიმდინარეობს მუშაობა იმ წესების დასადგენად, რომელთა დაცვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

მათი თქმით, კლუბების ფუნქციონირება კვლავ შეზღუდულია.

"აკრძალვის მიუხედავად, ზოგიერთი კლუბის მიერ დაანონსდა რამდენიმე ღონისძიების ჩატერება, რის გამოც შრომის ინსპექციის სამსახურში კვლავ გაიმართა შეხვედრა სექტორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ მოისმინეს ერთმანეთის პოზიციები, იმსჯელეს სექტორის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებულ გზებზე, რის შემდეგაც განხორციელდა დაანონსებული ღონისძიების გაუქმება.

მიღწეულია შეთანხმება, რომ მოხდება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებული უსაფრთხოების პროტოკოლის და შესაძლო გახსნის პროცედურების, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზისა და შეფასებასთან ერთობლიობაში განხილვა, რომლის საფუძველზეც, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ყველა შესაძლო რისკის, განსაკუთრებით ახალი, ომიკრონ შტამის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფის განსაზღვრის შედეგად.

17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკემბერს განაახლებდნენ.

რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია. 

პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ საკლუბო სექტორში დაახლოებით 8 000 ადამიანია დასაქმებული და ისინი 21 თვეა შემოსავლის გარეშე დარჩნენ. პეტრიაშვილის თქმით, მიმდინარეობდა კონსულტაციები კლუბების ასოციაციასთან და ყველა პარამეტრებით, 20 დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო რეგულაციები, რომლის შედეგად უნდა მოხერხებულიყო კლუბის ისე ამუშავება, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ დაცულად. პეტრიაშვილის თქმით, სრულად გაუგებარია შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება.


close დახურვა