logo
ENG



ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 37 ინფიცირებულიდან, 2-ის მდგომარეობა ისევ მძიმეა

16 აპრ 202010:38
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტია მოთავსებული, მათგან 2-ის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„გუშინ ბოლო მონაცემებით გვქონდა 306, დღეს დილისთვის გვაქვს 336, ანუ მატება დადასტურებული შემთხვევების არის 30-ით. აქედან 86 ჩვენი ცენტრის პაციენტები არიან. გამოჯანმრთელებული დღეს გვყავს 74, აქედან ჩვენი ცენტრის არის 48 პაციენტი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობს 262 დადასტურებული შემთხვევა.

ამ დროისთვის ჩვენთან 37 პაციენტია. აქედან 2 გვყავს პრობლემური პაციენტი და დაახლოებით 7 პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით. ამ ორ მძიმე პრობლემურ პაციენტთან მიმართებაში შემიძლია ვთქვა, რომ უკვე მესამე დღეა სტაბილური სიტუაციაა და ალბათ ძალიან მძიმე სტატუსიდან გადმოვლენ მძიმე პაციენტების სიაში და მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება. რაც შეეხება მოზარდებს, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. ბავშვები ხალისიანები და აქტიურები არიან, იკვებებიან კარგად. ზოგადი მონაცემების შეჯერებით, მათი მდგომარეობა მსუბუქია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება 30 ახალი შემთხვევის წყაროებს, მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.

„წყარო ყველგან დადგენილი არ არის. ხდება ამ წყაროების  მოძიება და კონტროლი. ჩვენ ვიცით, რომ ყველა დადასტურებული შემთხვევის ღრმა ეპიდკვლევა წარმოებს, მათი კონტაქტების მოძიების, საკარანტინო სივრცეებში განთავსების, ტესტირების და ასე შემდეგ. თუ ეს შემთხვევები სცილდება ძველ კლასტერებს და არის ახალი, იმედია რომ ამ ახალ კლასტერებსაც გარკვეულწილად შემოვღობავთ და არ მივცემთ საშუალებას, რომ გავრცელდეს უფრო მეტად“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. 

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა