logo
ENG



იოსელიანი კომისიაზე: მნიშვნელოვნად მიმაჩნია მოსამართლეების საკითხის პარლამენტში გარკვევა

20 აპრ 202314:27
3 წუთის საკითხავი
 
იოსელიანი კომისიაზე: მნიშვნელოვნად მიმაჩნია მოსამართლეების საკითხის პარლამენტში გარკვევა
ვახო ქარელი/ფორმულა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტში გარკვევა. მისი თქმით, საზოგადოება იმსახურებს, რომ საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გაეცეს პასუხები.

"თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი და პარლამენტში ამ საკითხის გარკვევა, მეც მიმაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი, მათ შორის, ისმის ეს პროცედურული ომი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ საგამოძიებო კომისიამ ის კითხვები, რაც არსებობს ქართულ საზოგადოებაში, რაც ამდენი ხანია დაგროვილი, დაისვას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. ეს გამჭვირვალობა და ღიაობა ამ პროცესს მხოლოდ წაადგება და თუ რამე კითხვის ნიშნები არსებობს ერთი მხარის ან მეორე მხარის მიმართ, ამ კითხვებზე იქნება პასუხი გაცემული", - თქვა იოსელიანმა.

***

ქართული ოცნება სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას დღესაც გეგმავს. კომისიის შექმნას ოპოზიცია ითხოვს, თუმცა ოცნება ამ ინიციატივას არ იზიარებს.

ქართულმა ოცნებამ პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, რეგისტრაცია ორჯერ არ გაიარა, რის გამოც კენჭისყრა ვერ შედგა.

ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ცდილობს, რისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა იმისათვის, რომ ოპოზიციას ხელი შეუშალონ და კენჭისყრა საერთოდ ვერ შედგეს, მმართველი გუნდი წინასწარ რეგისტრაციას არ გადის. მსგავს ქმედებას მათ 18 აპრილსაც მიმართეს.

მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნა ვერ შეძლოს. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამ ინიციატივას "მოსამართლეების სოლიდარობის" ნიშნად არ იზიარებენ.

***

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.

ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.


close დახურვა