ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჩრდილოეთ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზა დღესაც გაგრძელდება, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ სამხრეთით ევაკუაცია შეძლოს.
10 ნოემბერს ისრაელი ჩრდილოეთ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზების დაწესებას დათანხმდა. ყოველდღიურად სამხედრო ოპერაციები 4-საათით შეწყდება.
ტაქტიკური ლოკალური პაუზები მოსახლეობას, საომარი მოქმედებების ზონის დატოვების საშუალებას მისცემს.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.