logo
ENG



ისრაელის თავდაცვა აცხადებს, რომ ღაზას ირგვლივ მდებარე ყველა დასახლებაზე კონტროლი აღადგინა

09 ოქტ 202312:56
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის საზღვართან მდებარე ყველა დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე საათში ისრაელის სამხედროებსა და ტერორისტებს შორის შეტაკებების შემთხვევები "იზოლირებულია".

ჰაგარის თქმით, ამჟამად არც ერთ ქალაქში შეტაკებები აღარ მიმდინარეობს. თუმცა ჰაგარი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, დასახლებებში ტერორისტები ჯერ კიდევ არიან დარჩენილი.

ჰაგარის ცნობით, ღაზის საზღვრის ის მონაკვეთები, რომლებიც ჰამასის მებრძოლებმა გაარღვიეს, ფიზიკურად დაცული იქნება ჯავშანტექნიკით, ასევე საბრძოლო ვერტმფრენებითა და დრონებით.

ჰაგარის თქმით, დაახლოებით 4 400 რაკეტა იქნა გაშვებული ისრაელის მიმართულებით შაბათს დილით დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შემდეგ.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება.


close დახურვა