ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი სხვა ქვეყნების ომში ჩათრევას ცდილობს.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ჰამასმა თავიდანვე მოუწოდა ჰეზბოლას ჩრდილოეთში, პალესტინელებს ლიბანში, სირიაში, იუდეასა და სამარიაში, ჩაერიონ ამ ომში და მათ დაეხმარონ. ახლა [ჰამასის] მებრძოლების მთავარი მიზანია ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და რაც შეიძლება მეტი ებრაელის მოკვლა", - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.
ბოლო ცნობებით, ისრაელში ჰამასის თავდასხმას 900-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.